ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა 

ქიბარ ხალვაშმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა .
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, რომ დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა.
კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.
სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.
„რუსთავის 2“-ის თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.
მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.
2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

კომენტარები