ქიბარ ხალვაშს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა არ სურს

პაატა სალიამ ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციები გაიარა. ქიბარ ხალვაშს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა არ სურს.
„ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ ის სიტყვები, რაც იქ წერია, შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. ეს ის ფორმა არ არის, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმის, რომ ვიღაც ჩარევას ცდილობს, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მანამდე „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მენეჯმენტს წინადადებით მიმართეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მედია ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ, რომელთა გარეშეც არხზე საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები