ქრისტეს უნიკალური ფრესკა, რომელსაც ვერსად ნახავთ, არის სერბულ მონასტერში – დიდ დეჩანში. განეკუთვნება მე-14 საუკუნეს
„არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“(მათ. 10:34).
„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.
რით განკვეთ, უფალო? სიმართლის მახვილით, თუ ღვთის სიტყვის მახვილით?! რადგან ეს ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „მახვილი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ“ (ეფ. 6,17). წმიდა იოანე ღვთისმეტყველმა გამოცხადებაში იხილა ძე კაცისა, მჯდომარე შვიდ ლამპარს შორის, ხოლო მისი პირიდან გამოდიოდა ორპირი მახვილი (იხ. გამოცხ. 1,12-16). მახვილი – გამომავალი პირიდან, სხვა რაა, თუ არა – სიტყვა უფლისა, სიტყვა ჭეშმარიტებისა? სწორედ ეს მახვილი მოიტანა იესო ქრისტემ მიწაზე, მოიტანა ქვეყნის გადასარჩენად და არა – კეთილისა და ბოროტის დასაზავებლად. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. — წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
მოამზადა თინათინ მჭედლიშვილმა