„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ეკატერინა ხვედელიძემ განაცხადა:

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა, ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა.

ოჯახმა 1992 წლიდან გადაწყვიტა საკუთარი  წვლილი შეეტანა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.

ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად. რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში უკვე ცვლილებებისკენ შევცვალეთ. დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე.

უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია.

დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი დღეს ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მიცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ტერიტორიული თვალსაზრისითაც მიმზიდველია, დაახლოებით ერთ საათში-საათნახევარში არის შესაძლებელი მაგალითად, ზღვასთან მისვლა.

ძალიან მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, დასვენებისთვის, სითბოთი გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს“.

 

კომენტარები