ქუთაისის ცენტრში კარავი განთავსდა, მსურველებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ – უფასო PCR კვლევა დაიწყება

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ქუთაისის ცენტრში, მერიის შენობის წინ მდებარე პარკში კარავი დაიდგა, – მსურველებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ.

-„ყველას, ვისაც ბოლო ორ კვირაში რისკის ზონებად მიჩნეულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორია აქვთ, შეუძლია ტესტირება ჩაიტაროს.

არაერთხელ განვაცხადეთ, ველოდით შემთხვევების მატებას, რაც მოხდა კიდეც ქუთაისში, ის რაოდენობა, რაც დღეს დაფიქსირდა, უპრეცედენტოა ქუთაისისთვის, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ, მაშინვე ვიღებთ შესაბამის ზომებს. დღეს ჩატარდა რეგიონალური საბჭოს შეხვედრა, მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები, ერთ-ერთი მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ქუთაისის ცენტრში კარვის დადგმაა, სადაც ნებისმიერ მსურველს, პირველ რიგში კი მათ, ვისაც აქვს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია რისკის ზონებად მიჩნეულ ადგილებში, შეუძლიათ მოვიდნენ და ტესტირება ჩაიტარონ უფასოდ.

სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არ არის, ვემზადებოდით ასეთი სცენარისთვის და შესაბამისად ვრეაგირებთ ყველა შემთხვევაზე იმის მიხედვით, რა რისკის ფაქტორს შეიცავს”, – განაცხადა  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში, 32-ე საჯარო სკოლაში COVID-19 კიდევ 21 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის სკოლის დირექტორს, მოადგილეს და პედაგოგებს.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველს, 60 წლის ქალს კორონავურუსი, 9 სექქტემბრს დაუდასტურდა, მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან.

სკოლის დირექტორის მოადგილის, ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

თვითიზოლაციაში არიან „ვენდისის“ თანამშრომლებიც, ობიექტი  დაკეტილია. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები