„ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტი შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დარჩება, ქვეყანას ფუნქციების შესრულების შემდეგ“- რუსეთის პრეზიდენტი

ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტი შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დარჩება, ქვეყანას ფუნქციების შესრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

-„ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები გავაგზავნეთ. ყაზახეთში შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. თავისი ფუნქციების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, კონტინგენტი ყაზახეთის ტერიტორიას დატოვებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაცია დროული და ლეგიტიმური იყო. ჩვენმა ორგანიზაციამ საქმეზე აჩვენა თავისი პოტენციალი – სწრაფად, მტკიცედ და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, -რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაუიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კომენდანტის საათიც დაწესდება, რომელიც 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს.

ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სამართალდამრღვევების წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებს. მან საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეთქმულების მონაწილეები უწოდა.

კომენტარები