ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულად და ყველაზე სუფთა რეგიონად კახეთი დასახელდა.

კონკურსის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი.

პროექტის ფარგლებში დაწესებულმა კონკურსმა ქვეყნის მასშტაბით შეამცირა სტიქიური ნაგავსაყრელების რიცხვი, გაზარდა საზოგადოების ცნობიერება და პრიორიტეტული გახადა ნარჩენების მართვა.

„კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულები შემოსული ფოტო/ვიდეო მასალების საფუძველზე გამოავლინა სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჟურნალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2018 წლის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი, ხოლო ნომინაციაში “იურიდიული პირის ეზო”- თელავში ღვინის კომპანია GWS დასახელდა’’,- განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები