„ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას…“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

-„საქართველოში მესამე ტალღა არ არის ძლიერი, მიდის ზომიერად. აბსოლუტურად 100 პროცენტით გამართულად მუშაობს კლინიკური სექტორი, როგორც ნაკადების მართვაზე, ისე ავადმყოფების მკურნალობაზე.

ყველაზე შესამჩნევი შეზღუდვა, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ისმის კრიტიკული შენიშვნები, არის სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა 2-3 და 4 მაისს, მხოლოდ სამი დღით.

ამ შეზღუდვის გარდა, არანაირი სერიოზული შეზღუდვა არ არის. პირიქით – აღდგომის შემდეგ, ერთი კვირა შვებულებაა გამოცხადებული, ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ“.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით:

სასაფლაოებზე შესვლა, მთავრობის დადგენილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება, მთელი საქართველოს მასშტაბით.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შსს-ის განცხადებით, 2 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ  30 აპრილს თქვა, რომ ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ საფლავზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.3-დან 12 მაისის ჩათვლით შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოზე გასვლა და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის ღამეს და ლიტურგიას, აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

მთავრობამ 4-11 მაისი უქმედ გამოაცხადა.

კომენტარები