ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს!

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება, სულმოფენობის დღესასწაული  ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. პეტრე- პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა და ყველაზე მცირე შვიდი დღე გრძელდება.

წმ. პეტრე თორმეტი მოწაფეთაგანია, პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური. ისინი თავიანთი მოციქულეობრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, ამის  გამო ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. მიუხედავად იმისა, რომ წმ. პეტრე და პავლე სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან, მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, ეს თუნდაც იმაში გამოიხატა, ისინი ერთდროულად აღესრულენ იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

სახარების თანახმად, მოციქულები, უფლის ხმობამდე, გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად ადრე სვიმონი ერქვა. მისი რწმენის გამო, უფალმა  პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს. მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. სახარების მიხედვით დამასკოსაკენ მიმავალი დიდმა სინათლემ დააბრმავა. ნათლობისას, წყალში შთაფლვისას კი მოციქულ პავლეს მხედველობა დაუბრუნდა.

 -„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს!
წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ უბოძა ეს სახელი, რაც კლდეს ნიშნავს. სახარებაში ვკითხულობთ: „ამა კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.” ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პეტრეს რწმენაზე აშენდა ეკლესია. წმიდა ეკლესია დაფუძნებულია სხვა მოციქულებზეც. ყველა მოციქული არის კლდე, მაგრამ მოციქულთა შორის გამორჩეულია წმიდა პეტრე და პავლე. საოცარი თვისებები ახასიათებს პეტრეს! იგი მუდამ პირველია. როგორი მკვეთრი და ნათელი პასუხი გასცა მან მაცხოვრის შეკითხვას: ვინ ვარ, – რას ფიქრობს ჩემზე ხალხიო? მოციქულებმა მიუგეს: ზოგი ამბობს წინასწარმეტყველიაო, ზოგს ელია ჰგონიხარ. მაშინ უფალი მეორედ ეკითხება მათ: „და თქვენ ვინ გგონივართ?” ყველა მოციქულის სახელით პეტრე მიუგებს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა!” ე.ი. იგი აღიარებს უფალ იესო ქრისტეს ძედ ღვთისად. უფალი იესო ამაზე დასძენს: „ეს გამოგიცხადა შენ მამა ზეციერმა.”
რა არის საჭირო იმისათვის, რომ მამა ზეციერმა გამოგვიცხადოს ნება ღვთისა. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სიწმინდე: გული წმიდა და სული წრფელი; წმიდა გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა სუფევდეს, უნდა გვქონდეს სიყვარული და განცდა თვისთა ცოდვათა. რომელსაც გააჩნია „განცდაი თვისთა ცოდვათა”, მას აქვს თავმდაბლობა და ის საოცარი თვისება, რომ აღარ განიკითხოს სხვა. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ უფალი სუფევდეს ადამიანის გულში და ამით შეიცნობს, თუ რაშია ჭეშმარიტება. ფსალმუნში წერია: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.” უფალმა უნდა გვიჩვენოს გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ. მრავალი გზა იშლება ჩვენს წინაშე. ერთია ფართო, მეორე – ნაკლებად ფართო, ზოგი – ვიწრო, ზოგიც – ძალიან ვიწრო. უფალმა უნდა გვიჩვენოს ის გზა, რომელიც ჩვენთვისაა საცხოვნებელი და შეესაბამება ჩვენს ძალებს. თუ ადამიანს სულიერი ძალა არ გააჩნია, იგი ვერ ივლის ვიწრო გზით. ისეც ხდება, რომ როცა მონასტერში მოვა მორჩილი, ცდილობს თავის თავს რაღაც განსაკუთრებული კანონი დაადოს: უჭმელობა ან მეტისმეტად ხანგრძლივი ლოცვები, მძიმე მოღვაწეობა, რაც არასწორია. მათ შესახებ წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ დროულად შევაჩეროთ ისინი, რადგან ადიან ისეთ სალ კლდეზე, საიდანაც აუცილებლად გადმოვარდებიან. სულიერი ცხოვრება მოიპოვება არა ერთი დღით, ერთი ლოცვით და ერთი მარხვით, არამედ მთელი ცხოვრებით. ცხოვრება მძიმეა. იგი სულ დაცემისა და ადგომისაგან შედგება. ადამიანი მრავალგზის ეცემა და ისევ დგება, სინანულით, აღსარებით და ზიარებით. მაგრამ ეშმაკს არ ძინავს და იგი ცდილობს, რომ კვლავ დასცეს ის ადამიანი. ასე გრძელდება მის გარდაცვალებამდე.
გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოციქული პეტრე, რომელიც იყო კლდე, თავისი რწმენითა და მოქმედებით, იგი ეუბნება უფალს: ყველა რომ განგეშოროს, მე არ დაგტოვებ შენ. უფალი კი ხედავდა მის ადამიანურ სისუსტეთ და ეუბნება: „ვიდრე მამალი იყივლებდეს, სამგზის უარმყოფ მე”. და მართლაც, ასეთი მტკიცე რწმენის ადამიანი სამჯერ ასეთ სისუსტეს ავლენს.
ან რა ვთქვათ იუდას შესახებ? როცა უფალმა მოუწოდა მოციქულებს, ყველას მისცა სასწაულთმოქმედების სულიერი ძალა: ლოცვით მშიერთ აპურებდნენ, მიცვალებულებს აღადგენდნენ, სნეულებს კურნავდნენ. ასეთი მადლი მიეცა იუდა ისკარიოტელსაც. იუდა ხედავდა არა მარტო მაცხოვრის სასწაულებს, თავადაც იქმოდა მათ იესო ქრისტეს სახელით, მაგრამ ამანაც არ უშველა, რადგან ღვთის სიყვარული და თავმდაბლობა არ ჰქონდა; ადამიანს არასდროს არ უნდა ეგონოს, რომ რაიმეს თავისით მიაღწია და სხვაზე აღმატებული გახდა. ამიტომ წერს პავლე მოციქული: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ.”
თქვენ იცით, პეტრე მოციქული ძალიან ბევრს მოღვაწეობდა და ბოლოს, ძირითადად, რომში იყო, როცა ქრისტიანების საშინელი დევნა დაიწყო, მოწაფეებმა ურჩიეს, დროებით გასულიყო რომიდან. როცა პეტრე მოციქული ქალაქის გალავანს გასცდა, დაინახა, რომ ვიღაც რომისკენ მოდიოდა. რომ მიუახლოვდა, მასში უფალი იესო ქრისტე იცნო, რომელსაც ჯვარი მიჰქონდა (ამ დროს უფალი იესო ქრისტე უკვე ზეცად იყო ამაღლებული და ეს იყო ხილვა). პეტრე მოციქული ეკითხება უფალს: „სად მიდიხარ?” უფალი პასუხობს: „მივდივარ რომში, რათა მეორედ ვეცვა ჯვარს!” ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი გაუჩინარდა. ეს მითითება პეტრე მოციქულმა ღვთისგან მიიღო, რათა დაბრუნებულიყო რომში, სადაც ჯვარს აცვამდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ როგორ გაძლიერდა! სად გაქრა ის შიში, რომელიც ადრე ჰქონდა?! შეპყრობის შემდეგ პეტრე მოციქულმა, ჯალათებს უთხრა: „მე რა ღირსი ვარ, ჯვარს ვეცვა ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე, არამედ თავდაღმა გამაკარით”. და ვიდრე ჯერ კიდევ ცო-ცხალი იყო, ღაღადებდა: „იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი!”
სულ სხვა პიროვნებაა პავლე მოციქული. მას ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული ფარისევლების დიდ მასწავლებელთაგან და თვითონაც ამ ფენას ეკუთვნოდა. ჩვენს დროში ფარისეველი დამამცირებელი სიტყვაა; მაშინ კი ეს კასტა გამორჩეული იყო, როგორც თავადები. ეს იყო ძალიან განათლებული ხალხი. ამასთან, პავლე მოციქულს კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა სხვა მოციქულებზე, მას შთამომავლობით ჰქონდა რომის მოქალაქეობის წოდება. ქრისტეს სჯულზე მოქცევით სავლე პავლედ იქცა და თავისი ნიჭით ქრისტეს სამსახურში ჩადგა. როცა პავლე ამის გამო შეიპყრეს, თავი მოჰკვეთეს, რადგან ასეთი სიკვდილი უფრო საპატიოდ იყო მიჩნეული (რომის მოქალაქის ჯვარცმა არ შეიძლებოდა, რადგან ეს იყო სიკვდილით დასჯის დამამცირებელი ფორმა).
აი, ასეთი ძალიან რთული ცხოვრება განვლეს წმიდა მოციქულებმა პეტრემ და პავლემ. ისინი დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში და უშიშრად აცხადებდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა და მისი უნდა ერწმუნა ხალხს. ამასთან, პავლე მოციქული მოგზაურობდა წარმართთა შორისაც და ქადაგებდა სახარებას.
ამ მოციქულებს ძალიან მოკლე ტროპარი აქვთ: „მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.” როგორ სჭირდება დღეს ქვეყანს მშვიდობა! როგორ ღელავს დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. მაგრამ ღმერთი მოწყალეა; იგი მოგვანიჭებს მშვიდობას და ჩვენს სულებს დიდ წყალობას!
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ლოცვა-კურთხევა წმიდა პეტრესა და პავლესი სუფევდეს თქვენზე და მთელს საქრთველოზე! მინდა შევთხოვო მოციქულებს, რომ მათი ლოცვით სამშობლოში დაბრუნდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები და გაძლიერდეს ჭეშმარიტი რწმენა და მოგვეცეს მშვიდობა!
ათორმეტთა მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დალოცოს და გაამთ-ლიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!“

 

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე.

2004 წ.

 

კომენტარები