„ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – სამწუხაროც და სასიხარულოც, სიმძიმილიცა და ბედნიერი ჟამიც – ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ და ჩვენი თავი შევიცნოთ“ – მიტროპოლიტი შიო

24 ოქტომბერი, 2021 წელი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საკვირაო ქადაგება:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.
დღეს წაკითხული იყო სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ნაინელი ქვრივის ძის მკვდრეთით აღდგინების შესახებ. უფალი მიბრძანდება ქალაქ ნაინში და მხოლოდ მან უწყის, თუ რატომ მიდის მაინცდამაინც ამ ქალაქში. შემდეგ სახარებიდან ჩანს, რომ იგი მიდის აი, ამ ქვრივის შვილის მკვდრეთით აღსადგენად. ეს ქალი ქვრივია. ამას ისიც დაერთო, რომ გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი, რომელიც იყო ერთადერთი ნუგეში და დასაყრდენი მისი ცხოვრებისათვის.
და აი, უფალი მიდის მასთან და ისმის კითხვა: რამდენი ქვრივი იყო მაშინ ისრაელში? რამდენს შეიძლება ჰყოლოდა შვილიც გარდაცვლილი, რატომ მიდის უფალი მაინცდამაინც მიდის აი, ამ ნაინელ ქვრივთან? რით დაიმსახურა მან ეს ყურადღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი?
ყოველ სოფელსა თუ პატარა ქალაქში ყველამ იცის, ვინ არის კარგი ადამიანი, ვინ არის ძალიან კარგი ადამიანი და ვინ – არც ისე კარგი ან ცუდი ადამიანი. როგორც ჩანს, ეს ქვრივი იყო გამორჩეული ქალბატონი, აღმატებული თავისი სულიერი თვისებებით და ამით მიიპყრო მან უფლის ყურადღება, რომ მიდის მასთან. საიდან ჩანს ეს? ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე მიდის, მასთან ერთად მიდის „ერი მრავალი“ და მას შეეგებება სამგლოვიარო პროცესია, საცად ასევე „ერი მრავალია“ გამოსული, რათა მიუსამძიმრონ ამ ნაინელ ქვრივს. რას ნიშნავს „ერი მრავალი“? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თითქმის მთელი ქალაქი იყო გამოსული ამ ქალის სანუგეშებლად, იმდენად კარგი ადამიანი იყო და უყვარდათ იგი.
ეს ჩვენთვის არის პირველი მაგალითი, პირველი გაკვეთილი, რომ უფალს ყველა ახსოვს, ყველას უყურებს, მაგრამ უფლის განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება დავიმსახუროთ მხოლოდ ღვთისთვის სათნო, ღვთივსათნო, ანუ ღვთისთვის მოსაწონი ცხოვრების წესით, შინაგანი აზროვნებით, რომელიც ღვთისთვის სასურველია, როგორიც იყო აი, ეს ქალბატონი.
შემდეგ უფალი მიდის მასთან და ეუბნება: „ნუ ტირი!“ ამ სიტყვებით არ გულისხმობს, რომ შვილმკვდარმა დედამ არ დაიტიროს თავისი შვილი და შვილის გარდაცვალება არ არის იმის ღირსი, რომ დედამ ცრემლი ღვაროს. არა, ის სხვა მნიშვნელობით ამბობს ამ სიტყვებს. პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს, რომ „ნუ იგლოვთ, როგორც წარმართნი, რომელთაც არ აქვთ სასოება“. აი, ეს აზრია იესო ქრისტეს სიტყვებში. იგი გულისხმობს სასოებამოკლებულ მწუხარებას და ქვრივს ეტყვის: „ნუ ტირი!“
როგორც ჩანს, ამ ქვრივმა მორჩილებით მიიღო იესო ქრისტეს სიტყვები. როგორი სათქმელია, როდესაც ქალი, დედა ერთადერთ შვილს ასაფლავებს, ამ დროს კი უცნობი ადამიანი მოდის და ეუბნება, რომ არ იტიროს, მაგრამ ამ ქალმა დაინახა ძალა, სიყვარული იესო ქრისტეს თვალებში და მორჩილებით მიიღო ეს სიტყვები. შემდეგ უფალი მიდის და ეტყვის გარდაცვლილ ჭაბუკს: „ჭაბუკო, შენ გეტყვი, აღდეგ!“ და მართლაც, ეს ჭაბუკი გაცოცხლდება, წამოჯდება და ლაპარაკს დაიწყებს. იქ შეკრებილი ერი კი ღმერთს ადიდებს და ამბობს, რომ „დიდი წინასწარმეტყველი აღგვიდგინა უფალმა და მოჰხედა ერსა თვისსა“.
აი, ასეთი სახარებაა დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელიც ასევე გვაფიქრებს იმაზე, რომ უფალს არ სურს, ჩვენ ვიტიროთ, როდესაც სამწუხარო რამ შეგვემთხვევა, რადგან ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – სამწუხაროც და სასიხარულოც, სიმძიმილიცა და ბედნიერი ჟამიც, ეს არის ღვთისგან, ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ; ასევე ჩვენი თავიც შევიცნოთ, რადგან ყოველი ასეთი მოვლენით უფალი ჩვენ მოგვმართავს, ვინაიდან ჩვენს ცხოვრებაში მრავლად გვაქვს შეცდომაც, უმართებულობაც და უფალი ამით გვეუბნება, რომ რაღაცაზე დავფიქრდეთ და გამოვასწოროთ.
მაგრამ, ამავე დროს, როგორც ამ ქვრივის წინაშე დადგა უფალი და უთხრა „არ იტირო“, ასევე სამწუხარო გარემოებებში ყოფნისას ჩვენ წინაშეც დგას უფალი და ამბობს: „არ იტირო“, იმიტომ რომ უფალს არ უნდა, ჩვენ ვიტიროთ. ადამიანი არ არის ამისთვის შექმნილი. უფალს სურს, გავიხაროთ, ბედნიერი ვიყოთ, მწუხარება თუ სხვადასხვა განსაცდელი დავძლიოთ, ზე ავმაღლდეთ ამ მწუხარებაზე სასოებით, სარწმუნოებით. გავძლიერდეთ და მოვიპოვოთ მადლი სულისა წმიდისა და სულიერი სიხარული, იმიტომ რომ სულიერი სიხარული გახლავთ სულიერი ცხოვრების საფუძველი. ქრისტიანის სულიერება ამითაც კი შეიძლება შემოწმდეს, აქვს თუ არა მას სიხარული. თუ სიხარული არ აქვს და ხშირად ვხედავთ, რომ მას ჩამოტირის სახე, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან.
მაგრამ ამ სიხარულის მოპოვებას, მოხვეჭას სჭირდება შრომა და თუ მოვისურვებთ ამას, უფალიც ამის ძალას გვაძლევს, რათა მოვიპოვოთ ეს სიხარული და ჩვენი ტკივილი და მწუხარება გადაიქცევა სიხარულად. სახარების ამ ეპიზოდიდან ჩანს, რა ადვილად შეუძლია უფალს, მწუხარება გარდააქციოს ნუგეშად და სიხარულად.
დღეს ასევე მინდოდა მეთქვა თქვენთვის, რომ ნაინში აღსრულებული ეს სასწაული არის წინასახე, მომასწავებელი ახალი ეპოქის დადგომისა, როდესაც სიკვდილს აღარ ექნება ძალაუფლება ადამიანზე. ამაზე საუბრობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი „აპოკალიფსში“, რომ როდესაც ღმერთი შეაშრობს მათ თვალზე ცრემლს და აღარ იქნება არც სიკვდილი, არც ტანჯვა, არც ტირილი და არ გლოვა, ვინაიდან აღარ იქნება სიკვდილი და წარხდება ყოველივე უწინდელი. „მე ვარ აღდგომა და მე ვარ ცხოვრება“, – ამბობს უფალი.
ამრიგად, აი, ეს სასწაული არის წინარე სახე ყოველი ჩვენგანის მკვდრეთით აღდგომისა და ამ სასწაულით უფალი აძლიერებს ჩვენში სარწმუნოებას, აი, ამ ჭეშმარიტების რწმენას ჩვენი მკვდრეთით აღდგომისა და ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, გვახსოვდეს ეს. ვეცადოთ, ვიშრომოთ, ვილოცოთ, ვიღვაწოთ; ვეცადოთ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომაც მოხდეს სიცოცხლისა და მარადიული სიხარულის აღდგომაში და არა – სასჯელისა და განკითხვის აღდგომაში. გავხდეთ ღირსნი უფლის ტკბილი ხმის გაგონებისა, რომელიც მოგვიხმობს ჩვენ ცათა სასუფევლის მკვიდრობისაკენ, როგორც ნათქვამია „იესო ტკბილის“ დაუჯდომელში: „მხილველი ქვრივისა, ფრიად მგოდებელისა, უფალო, ვითარცა მაშინ მოწყალე იქმენ და ძეი მისი დასაფლველად წარღებული აღადგინე, ეგრეთვე ჩემზედაცა მოწყალე იქმენ კაცთმოყვარე და ცოდვითა მომკვდარი სული ჩემი აღადგინე, მღაღადებელი“, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გიმრავლოთ სიხარული.
ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – სამწუხაროც და სასიხარულოც, სიმძიმილიცა და ბედნიერი ჟამიც – ან ღვთის ნებით, ან ღვთისგან დაშვებულია, რათა ჩვენ ამა თუ იმ მოვლენის ღრმა სულიერი აზრის დანახვა ვისწავლოთ და ჩვენი თავი შევიცნოთ.
დღეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, ილოცებიან გაბაიძეები.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ჩვენთან არს ღმერთი!“
კომენტარები