“ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა არჩევნები სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია, დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა” – გია ვოლსკი:

„ძვირფასო მეგობრებო, არჩევნებში ჩვენი ერთობლივი გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება, სოციალური პაკეტის გაზრდა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, მრავალი საშინაო და საგარეო საფრთხეების მიუხედავად სტაბილურობის შენარჩუნება და მყარი პოზიციების დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წარმოებების და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება.
შეუქცევადია განათლების სისტემის განვითარების პროცესი, რაც ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი ცხოვრების უზრუნველყოფის მყარ საფუძველს ქმნის. ახალმა კანონმდებლობამ უზრუნველყო საქართველოს მიწებისა და ტყეების დაცვა, მთიანი რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების რეგისტრაციის უპრეცედენტო მასშტაბი. დღევანდელი საქართველო მსოფლიო რეიტინგების ყველა მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზეა.
ჩვენი სამომავლო პროგრამა ყველა ამ მიმართულების ახალი ძალით განვითარებას გულისხმობს! შემცირების მიუხედავად, მემკვიდრეობით მიღებული სოციალური პრობლემები კვლავ მძიმე ტვირთად გვაწევს! ამასთანავე არათუ ჩვენი სამშობლო, არამედ მსოფლიო დგას არაერთი ახალი გამოწვევის წინაშე. ვითარებას უკიდურესად ართულებს პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ზარალი. ასეთ პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა. ჩვენი საერთო ამოცანა ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანაში მდგომარეობს! დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!“- წერს გია ვოლსკი.

კომენტარები