„ყველა მასწავლებელმა დაინახა, მათ აქვთ ხარვეზები ამ მიმართულებით და შევსება სჭირდებათ. ვაკეთებთ ვებინარებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლების დასახმარებლად“ – მანანა რატიანი

საქართველოს პედაგოგებმა მსოფლიო პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლების პროცესში, ტექნიკურ საკითხებს თავი კარგად გაართვეს. არის რამდენიმე თემა, რასაც მომავლში სისტემამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, მანანა რატიანმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქ გვერდზე ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს  განაცხადა.

„დისტანციური სწავლების პროცესში, მასწავლებლებმა ტექნიკური საკითხები აითვისეს. ემოციებმა, რომელიც მნიშვნელოვანია, ინტერაქციის დროს თითქოს უკანა პლანზე გადაიწია. თითქოს, მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილზე შედიოდნენ,  თავიანთი სათქმელი რომ ეთქვათ მოსწავლეებისთვის, დავალება მიეცათ და დროზე ჩაებარებინათ დავალებები. უფრო ტექნიკური ხასიათი მიიღო პროცესმა და არა ცოცხალი ინტერაქციის სახე, რაც საკლასო ოთახს ახასიათებს. ფაქტია,  ნაკლებად მოხერხდა ამის გადმოტანა, მით უმეტეს, ამას ისიც დაემატა, რომ რეკომენდაციის მიხედვით, საგაკვეთილო პროცესი 20 წუთით იყო შემოფარგლული. ეს არის ერთი მიმართულება, საკლასო ოთახში რაც ხდება, მის მიღმაც ბევრი რამ იქნება საყურადღებო და მომავალში შესაცვლელი.

სამომავლოდ გასათვალისწინებელ საკითხებს შორის არის კრიზისული ვითარების არსებობის დროს სკოლის ადმინისტრაციისთვის უფრო მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება.

ალბათ, ეს არის მთავარი,რეგულაციების შერბილება და მეტი ნაბიჯების გადადგმა სკოლების უფრო მეტი ავტონომიურობისთვის. ხშირ შემთხვევაში, ისიც კი გააკეთეს სკოლებმა, რომ, თუკი მოსწავლეს არ ჰქონდა ხელმისაწვდომობა ტექნიკურ საშუალებებზე, მაგალითად არ ჰქონდა კომპიუტერი სახლში, მათ მოახერხეს და სკოლაში არსებული რესურსები გაიტანეს, მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლება ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო. არაერთი მაგალითია, არამარტო კერძო, არამედ საჯარო სკოლებიდანაც. ფაქტია,  არ უნდა ეშინოდეს დირექციას თამამი ნაბიჯების. მან უნდა იცოდეს კრიზისულ ვითარებაში როგორ უნდა მოხდეს მენეჯმენტი. დირექციას კრიზისულ სიტუაციებში უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობაა.

არის კიდევ ერთი საკითხი, რაც სამომავლოდ დასახვეწი იქნება სკოლის სახელმძღვანელოებია, რომელთა გაციფრულებაც უნდა მოხდეს.

რისი ნაკლებობაც იყო ეს არის ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის. მაგალითად, სახელმწიფო ძალიან დიდ თანხას ხარჯავს იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ უფასო სახელმძღვანელოები ამ შემთხვევაში არის ბეჭდური სახელმძღვანელოები, რომლებიც არანაირად გამოსადეგი არ აღმოჩნდა, თუნდაც ამ დისტანციური სწავლების პროცესში. შესაბამისად,  ფიქრი უნდა დავიწყოთ იმაზე, რომ გვქონდეს ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომელიც იქნება სრული დატვირთვით. ასევე,  რაც უფრო მეტი იქნება ტექნოლოგიების კუთხით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეთავაზება, მით უფრო კარგი.  ვაკეთებთ ვებინარებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით მასწავლებლების დასახმარებლად, ვხედავთ როგორი დაწაფებულები არიან ამ სიახლეებს. ფაქტია,  მათ უნდა ასწავლო ის, რისი საჭიროებაც არის. ყველა მასწავლებელმა დაინახა, რომ მათ აქვთ ხარვეზები ამ მიმართულებით და შევსება სჭირდებათ.

ამ გამოცდილების შემდეგ, ბევრს მოეწონა ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროცესი. მგონია, რომ ამის გადატანა საკლასო ოთახში ძალიან წარმატებით შეიძლება. ის საკლასო ოთახები, რომლებიც უკვე შექმნილი აქვთ მასწავლებლებს, შეიძლება კლასგარეშე აქტივობების და პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს დაიხმარონ. ვფიქრობ,  ამ კრიზისულ ვითარებას და მობილიზებას, რაც ამ პერიოდში მასწავლებლებმა გააკეთეს, შეიძლება ძალიან კარგი შედეგი ჰქონდეს, ბევრად უფრო გაამდიდროს სასწავლო პროცესი ვიზუალური, ელექტრონული მასალებით. საკლასო პროცესი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, ანუ 99%-ით მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გაკვეთილი უკვე ვეღარ ჩატარდება საკლასო ოთახში“,- განაცხადა მანანა რატიანმა.

კომენტარები