ყველა მეტროსადგურთან პირბადეების ტარებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, კოვიდ-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მეტროსადგურებთან ინტენსიური მონიტორინგი გუშინ, 15 ოქტომბერს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად დაიწყეს. მგზავრთა კონტროლი ასევე ხორციელდება მუნიციპალურ ავტობუსებში.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამიანს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვლილთა რაოდენობას 11 დაემატა, სულ ეს რიცხვი 124-ს შეადგენს.

აჭარაში 342 ახალი შემთხვევა, თბილისში – 277, იმერეთში – 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 2 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.

კომენტარები