ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს, ან გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა

ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა. ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს, ან გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა.

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით:

„უახლოეს დღეებში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც რექტორებთან ერთად იმსჯელებენ, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების გახსნის თაობაზე.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტები ინდივიდუალურ გრაფიკებს გააკეთებენ, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცესიც, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობაზე იქნება დაფუძნებული და შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული პროტოკოლების დაცვა ზედმიწევნით კარგად მოხდება.

ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად ყველა უნივერსიტეტმა ამ სემესტრის სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს, ან გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა. სამინისტროს მხრიდან ჩვენ სრულად უზრუნვევლყოფთ, როგორც ყოველთვის, 2019-2020 წლის სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, სტიპენდიების და პროგრამების დაფინანსებას“.

რაც შეეხება მეცნიერებას, საქართველო რამდენიმე ქსელსა და პროგრამაში ჩაერთო, სადაც სამეცნიერო კვლევით ინფორმაციის გაცვლიან.

„მინდა ასევე შევეხო ჩვენი მეცნიერების მოღვაწეობას კრიზისის პერიოდში. საქართველო ჩაერთო რამდენიმე ქსელსა და პროგრამაში, სადაც სამეცნიერო კვლევითი ინფორმაციის გაცვლა მოხდება და აქ ჩვენი მეცნიერები აქტიურად მონაწილეობენ. ასევე ერთი სასიხარულო ფაქტი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა ძალიან პრესტიჟულ ევროპულ კონკურსში, „ჰორიზონტ 2020“-ის პროგრამის ფარგლებში გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მივიღეთ. მინდა ჩვენს მეცნიერებს ეს ამბავი მივულოცო“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები