„ყველა შევთანხმდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო“ – გიორგი გახარია

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას მოუსმინეს. პრემიერის მოსმენით 26 ივნისს,  პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდა. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა კერძო კლინიკებთან პრემიერის შეხვედრისას განხილულ საკითხებს შეეხებოდა.

-„გასაგებია, რომ ადამიანები ერთი სტილით მუშაობას არიან მიჩვეული, ცოტა დისკომფორტს ქმნის წესების ცვლა, თუმცა ყველა შევთანხმდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და რეფორმები აუცილებელი იყო,

ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელზეც შედგა საკმაოდ ღია, გულწრფელი დიალოგი და იყო კრიტიკაც.

ორი ძირითადი დაპირება გავეცი, – სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის გადახდების დაგვიანება იყო ზოგ შემთხვევაში 5-6 თვე, ეს თემა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დეტალურად შევისწავლეთ. გარწმუნებთ, იქ იყო განსხვავებული მიდგომები სხვადასხვა კომპანიასთან. ზოგს 2 თვე ჰქონდა, ზოგს – 6 თვე. ამას დრო სჭირდებოდა. წელს იქნება პირველი წელი, როდესაც ჯანდაცვის სისტემა, ყელა ეს ჰოსპიტალი, 12 თვის განმავლობაში 13 თვის ანაზღაურებას მიიღებს. პროგრესი უკვე მიმდინარეობს, 3 თუ 4 თვეა იქ უკვე დარჩენილი, 1 თვე უკვე შევამცირეთ და წლის ბოლომდე, მაშინ, როდესაც ეს ხალხი გულწრფელად მხარში გვიდგას კოვიდ-19-თან ბრძოლის ნაწილში, ეს საკითხი მოგვარდება. შეიძლება არის ცალკეული დისკომფორტის შემქმნელი წუხილები, მაგრამ ამასაც ვუპასუხებთ.

მეორე თემა, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, იყო ტარიფების ნაწილი და ფასი დეფიბრილატორებზე.

იმისთვის, რომ ეს პრობლემა გვერდზე გაგვეწია და არ გამხდარიყო სამინისტროსა და ბიზნესს შორის კონფლიქტის საგანი, შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შესყიდვების მექანიზმით საუკეთესო დეფიბრილატორებს თვითონ შეიძენს და ეს რომ დავის საგანი არ გახდეს, სტაციონარებსა და კარდიოლოგიურ კლინიკებს დაურიგებს, რაც უნდა გახდეს გარკვეული კომპრომისული ვარიანტი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მოახდინა ამ დეფიბრილატორების იდენტიფიცირება, ახლა გადაუდებელი წესით მიმდინარეობს შესყიდვები. შესაძლოა, ეს დროსი გაიჭიმა, მაგრამ სისტემური რეფორმაა, რომელმაც უნდა შეგვინარჩუნოს საყოველთაო ჯანდაცვის მიღწევები. ეს იქნება მტკივნეული, არ იქნება მარტივი, ცოტა კერძო სექტორმა უნდა დათმოს, ცოტა – სახელმწიფომ და ასე საბოლოო შედეგამდე მივალთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები