ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ქართლში მდებარეობს, რუისისა და ურბნისის ეპარქიაში, ქარელიდან 12 კილომეტრის დაშორებით. თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა.
ყინწვისის კომპლექსი მოიცავს წმიდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლისა და მცირე ეკლესიებს, გალავანი, კოშკი, სამრეკვლო. სამონასტრო ცხოვრება X ს-დან აქტიურად მიმდინარეობდა, XIX ს-ში შეწყდა და 1997 წლის 22 მაისს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აქ მამათა მონასტერი ამოქმედდა.
თამარ მეფის დროს აგებული ტაძარი საინტერესო ხუროთმოძღვრული ფორმებითა და განუმეორებელი მოხატულობით იქცევს ყურადღებას. აქ შემორჩენილია გიორგი III, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტული გამოსახულებები. XV საუკუნეში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ზაზა ფანასკერტელმა დასავლეთით ეგვტერი მიაშენა. ეგვტერში შემორჩენილია ამავე დროს შესრულებული მოხატულობა.
ყინწვისის XII-XIII საუკუნის მხატვრობა უნიკალურია.
წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი აგურითაა ნაგები, ამიტომ არა აქვს ქართული ტაძრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები. ტაძარს სამი შესასველი აქვს – ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.
საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის – ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები – მეტყველი. ყველა სცენის შინაარსს თუ წმინდანის ვინაობას განმარტავს ქართული ასომთავრული წარწერები.
აქ შემორჩენილია წმ. ნიკოლოზის ცხოვრების საკმაოდ გრძელი ციკლი, წმ. ნინოს ნახევარფიგურა სახარებით ხელში (სამხრეთ ბუჯზე) და ოთხი წმ. ასურელი მამა დასავლეთ კედელზე, მეორე სართული კარის ორივე მხარეს.
მოხატულობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთი კედლის (შესასვლელიდან მარცხნივ) ქვედა რეგისტრში გამოსახული ბაგრატიონთა გვარის მეფეთა საზეიმო პორტრეტები: გიორგი III; მისი ასული თამარ მეფე, თამარის ვაჟი და მემკვიდრე გიორგი ლაშა ვედრებით მიმართულნი აღსაყდრებული ქრისტეს ხატისკენ.
მათ ზემოთ გამოსახულია აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფიგურა, რომელიც ფერადოვნული და ხაზობრივი გადაწყვეტის დახვეწილობით შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრებს განეკუთვნება და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების სიმბოლო გახდა.
სამეფო ჯგუფის პირისპირ, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჭყონდიდელი და თამარ მეფის მწიგნობართუხუცესი ანტონ გლონისთავიძე, წმ. ნიკოლოზის წინაშე ვედრებით მიმართული ტაძრის მოდელით ხელში.