ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო

ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად ცნო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა,-უკრაინის მთავრობის მიერ გასაჩივრებული ფაქტები მართლაც მოხდა რუსეთის ე.წ. იურისდიქციაში, იმ ეფექტური კონტროლის საფუძველზე, რაც იმ დროისთვის ყირიმზე განახორციელა. უკრაინა ამტკიცებდა,- 2014 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და ქალაქ სევასტოპოლზე, რომლებიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია.

უკრაინა ირწმუნება, – კონვენციის დარღვევა რუსეთის ფედერაციის ზოგადი ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგია. ეს საბოლოო განჩინება არ არის. უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ შეიტანა სხვა სახელმწიფოთაშორისი საქმეები და 7 000-ზე მეტი ინდივიდუალური საჩივარია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და აზოვის ზღვაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

უკრაინამ ევროსასამართლოში საჩივარი 2014 წლის 13 მარტს შეიტანა, ყირიმში ადამიანის უფლებათა დიდი რაოდენობით დარღვევებისა და დანაშაულების გამო, რაზეც  პასუხისმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებს.

კომენტარები