„ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ, საბედნიეროდ კლებულობს ლეტალობის ინდექსი“- ლევან რატიანი

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

-„სამწუხაროდ, ვერ ავცდით და ვერც ავცდებოდით ამ ყველაფერს,  ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პანიკის ნიშანი. ამან უნდა მიგვანიშნოს, – რაც შეიძლება ფრთხილად ვიყოთ. ყველამ კარგად ვიცით,  ამ ეტაპამდე არ არსებობს არც ერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც კორონავირუსის გავრცელებებას შეაჩერებს. ექიმებს გვმართებს ერთი რამ, თუ პაციენტების რაოდენობა მოიმატებს, მათ ვუმკურნალებთ ისე, როგორც აქამდე ვმკურნალობდით. აუცილებელია ვიყოთ ფრთხილად და ამ სიფრთხილემ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რაც ამ ვირუსს ახასიათებს.

მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ, საბედნიეროდ კლებულობს ლეტალობის ინდექსი. დადგება მომენტი, როდესაც შეიძლება ეს ვირუსი სამყაროდან გაქრეს, მაგრამ ის თავის კვალს დატოვებს, აქედან გამომდინარე სიტყვა პანიკა ძალიან ცუდია. ფრთხილად თუ ვიქნებით ამ ვირუსს აუცილებლად გავუმკლავდებით“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები