ყოველთვიურად პანდემიასთან დაკავშირებული შიმშილის გამო 10 ათასზე მეტი ბავშვი იღუპება – გაერო

გაეროს ცნობით, ყოველთვიურად პანდემიასთან დაკავშირებული შიმშილის გამო 10 ათასზე მეტი ბავშვი იღუპება. გაეროს კვლევა ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდება. ამის შესახებ AFP წერს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ რთულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უფრო ავრცელებს. კერძოდ, – მცირე ფერმების მეპატრონეებს მოსავალი ბაზრებზე ვეღარ გააქვთ, სოფლები საკვებისა და სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

ყოველთვიურად 550 ათას ბავშვს  უვითარდება ატროფია, ეს კიდურების დასუსტებასა და მუცლის ამობერვით გამოიხატება. სპეციალისტების განცხადებით, ეს ბავშვის ფსიქიკაზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს,  შესაძლოა, შედეგად ინდივიდუალური ტრაგედია მთელი თაობის კატასტროფაში გადაიზარდოს.

ასეთი ვითარება პანდემიის პირველი წლის განმავლობაში გაგრძელდება, შეიძლება, შემდეგ ვითარება უფრო გამწვავდეს. ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები