შალვა ნათელაშვილი – ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქების მიერ მითვისებულ რესურსებს ხალხს დაუბრუნებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს „ანტიოლიგარქიული პაქტის“ გაფორმებას სთავაზობს:

-„რამდენიმე ასეულმა ოლიგარქმა, რომლებიც, ამავდროულად პოლიტიკაში „მოღვაწეობდნენ“, ჩვენი ქვეყნის ბედნიერება და მომავალი საზღვარგარეთ გაზიდა და მიითვისა. ყველა პარტიას მოვუწოდებ, „ანტიოლიგარქიული პაქტი“ გავაფორმოთ,  ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ქონების წასართმევად რომ არასდროს აღარ მოვიდნენ ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, ოდიშარიები. ეროვნული სიმდიდრეები მიითვისეს, წარმოების საშუალებები, ეკონომიკა, –  სწორედ ამ პირამიდის პროდუქტია ბიძინა ივანიშვილი. ის ჩვენს ქვეყანას დამაგვირგვინებელ ეტაპად მოევლინა დაქცევისა და განადგურებისთვის.

ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქების მიერ მითვისებულ რესურსები ხალხს დაუბრუნებდება.

უნდა ვიცოდეთ, – რაც ხალხის საკუთრება იყო – პენსიები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, სიმდიდრე – კოსმოსში არ გაფრენილა. ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა მიითვისეს, რომლებიც ბოლო 30 წელია საქართველოს მთავრობაში მტაცებლობენ და იმ რაოდენობის ქონება მიაქვთ, რაც ჩვენზე სამჯერ დიდ ქვეყანას ყელამდე აცხოვრებდა.

31 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, გადარჩენის ფონდში აღნიშნული რესურსების უკან გადმოქაჩვას შევუდგებით. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ,  ჩვენმა ხალხმა უკან რომ მიიღოს ის, რაც უკანონოდ წაართვეს. ამის უკან დაბრუნებას სჭირდება ხალხზე მოფიქრალი ხელისუფლება, რაზე პრეტენზიაც პირველ რიგში, ჩვენ, თქვენს მონა – მორჩილებს, გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სპექტრი „ანტიოლიგარქიული პაქტის“ გაფორმების თაობაზე ამ წინადადებას გაიზიარებს.

ამ პაქტის მიხედვით, ქართულ პოლიტიკაში აღარასოდეს იქნება არც ერთი მილიონერი. ბიზნესს თავისი საფრენი ორბიტა აქვს, ეკონომიკაში მათ კანონების დაცვით უნდა იტრიალონ. არ უნდა მოინდომონ პოლიტიკოსობა და სხვისი ცრემლით საკუთარი ბედნიერების ოკეანე არ უნდა დააგუბონ. ჩვენ დავანგრევთ ყველა დამბას, რომლითაც მათ საკუთარი ბედნიერება დააგუბეს.

აღნიშნული პაქტის წყალობით, ქართულ პოლიტიკაში არც ერთი მილიონერი აღარ იქნება“, – განაცხადა  ნათელაშვილმა.

კომენტარები