„შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით რაც ხდება, წარმოუდგენელია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს“

ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განაცხადა:

-„შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით რაც ხდება, წარმოუდგენელია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს. ადვოკატების მეშვეობით მედია პირდაპირ ეთერში პარალელურ გამოძიებას აწარმოებს და საგამოძიებო მასალების დემონსტრირებას ახდენს, რა თქმა უნდა, ადვოკატების ინტერესების გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ვიწროპოლიტიკურ მიზნებს, რადგან წინ არჩევნებია, ძალოვან სტრუქტურებზე შეტევის პროცესები არ წყდება, რაც სცდება ელემენტარულ ნორმებს. ჟურნალისტის კითხვაზე, ვის ინტერესებს იცავს მედია, როცა მეტწილად ბრალდებულების ადვოკატებს აძლევს ტრიბუნას, სალუქვაძე პასუხობს, რომ ეს კატასტროფაა და აბსოლუტურად ყველანაირი ბალანსი დარღვეულია.

,ადვოკატების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და საკუთარი კლიენტების გადარჩენას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ ამგვარი განხილვების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დარბაზია, სადაც დაცულია ბალანსი. იქ თანაბრად არის წარმოდგენილი ბრალდების მხარე და ადვოკატები“.

, ,,ახალი თაობის“ ჟურნალისტის კითხვაზე, – ამ შემთხვევაში, ექვემდებარებიან თუ არა ადვოკატები პოლიტიკურ კონიუნქტურას, რასთან დაკავშირებითაც სალუქვაძემ განაცხადა:

-„ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება კავშირების დანახვა.  საგამოძიებო ჟურნალისტს პირდაპირი წვდომა აქვს საგამოძიებო მასალებთან და იქიდან გამომდინარე საუბრობს, ეს უკვე აღარ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაშინ არის და თავის სახელს მაშინ ამართლებს, როდესაც ჟურნალისტს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს და საკუთარი ძალებით, საკუთარი წყაროებით მოიპოვებს ინფორმაციებს.

ბრმა არავინ არის, თუმცა, ადვოკატს თუ მისცემ ტრიბუნას დილიდან საღამომდე – ცალკე სასამართლო დარბაზში ამართლოს თავისი კლიენტი და აქეთ მთელ ქვეყანას ელაპარაკოს დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ის ამას გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი კლიენტის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრი შექმნას. როგორ დავადანაშაულო. ამიტომ უნდა დავიცვათ სტანდარტი. როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ რომელიღაც მედიასაშუალებას, რომ ცალმხრივად, ტენდენციურად ახდენს ინფორმაციის მიწოდებას, ერთი ამბავი ტყდება, აი, მედიას თავს გვესხმიანო. შეიძლება, ეს განცდა ჰქონდეთ და უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ვინმე მედიას ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს. მედიის საქმე ზუსტად ინფორმაციის მიწოდებაა და არა დილიდან საღამომდე გამოძიებების ტარება. არ გამოვრიცხავ, ვერ უარვყოფ და ვერ ავუკრძალავ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს მე ბრწყინვალედ მესმის, მაგრამ, როდესაც, ფაქტობრივად, საგამოძიებო ჟურნალისტს პირდაპირი წვდომა აქვს საგამოძიებო მასალებთან და იქიდან გამომდინარე საუბრობს, ეს უკვე აღარ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ამას ნებისმიერი დაადასტურებს. საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაშინ არის და თავის სახელს მაშინ ამართლებს, როდესაც ჟურნალისტს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს და საკუთარი ძალებით, საკუთარი წყაროებით მოიპოვებს ინფორმაციებს. ის რა საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, როდესაც ადვოკატი შედის შს სამინისტროში, გამოაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების ახალი ტომი და მიაქვს ტელევიზიაში. ეს არის საგამოძიებო მასალების გამომზეურება ტელევიზიით, რაც პირდაპირ უშლის ხელს გამოძიებას. ამიტომ არის შეტევა საგამოძიებო სტრუქტურებზე და იქმნება არასწორი საზოგადოებრივი აზრი”

კომენტარები