(შაქარაშვილისს საქმე) „გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, – საერთოდ ვერ დაადგინა მოხდა თუ არა მკვლელობა“ – არჩილ გაგნიძის ადვოკატი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს, დაკითხეს მოწმეები.

-„გამოძიებამ ვერ გამოკვეთა არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ, საერთოდ ვერ დაადგინა, მოხდა თუ არა მკვლელობა.ამ საქმესთან მიმართებაში სასამართლოს ჩვენს მოსაზრებას მოვახსენებთ, ასევე იმ ტკიცებულებებთან მიმართებაში, რაც ბრალდებამ წარმოადგინა, ეს გამართული სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც სასამართლოს მოუტანეს, თვითონ გამოძიებამ და ბრალდების მხარემ პასუხი ვერ გასცა და ახლა სასამართლოს სთხოვენ, პასუხი გასცეს. მათ ვერ გამოკვეთეს არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა მკვლელობა. ერთადერთი, რაც ამ საქმეში უდაოდ დადგენილია, არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა”,- განაცხადა შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ .

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები