შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამას მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თ.ხ.-ს ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ, მისმა მამამ, მოწმეებზე – გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა. მან სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების – ,,თეთრი ისარის“ (იგივე ,,ინკვიზიტორების“) სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგენილია, – ბრალდებული, როგორც თავისი, ისე ე.წ. ,,თეთრი ისარის“ ფეისბუქ პროფილის საშუალებით, გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს სისტემატიურად უგზავნიდა სიცოცხლის მოსპობის შემცველ მუქარის და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს. იგი საჯაროდ, ხშირად ხაზს უსვამდა წარსულში ძალოვან უწყებებში საქმიანობის შედეგად მიღებულ, საბრძოლო გამოცდილებას და მის აქტიურ კავშირს უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრებთან, რომლებიც მისი თქმით, ახორციელებდნენ მათთვის მიუღებელი პირების ლიკვიდაციას. აღნიშნული ქმედების შედეგად მუქარის ადრესატებს – მირიან ნიკოლაძეს, გურამ ამირხანაშვილს და იაკობ ბრეგვაძეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამავდროულად, პროცესის მონაწილეების მიმართ მუქარის განხორციელების, მათი დისკრედიტაციისა და მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა მოახდინა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. დაკავებულმა, მისი შვილის ზ.ხ.-ს სსკ-ის 109-ე მუხლით ბრალდებულად ცნობიდან მეორე დღეს – 2020 წლის 12 აგვისტოს, მეგობრის მეშვეობით, ქ.თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა ორი ერთნაირი მობილური ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმბარათები. აღნიშნულ ტელეფონებში ნომრების გააქტიურების შემდეგ, ხელოვნური მტკიცებულების შექმნის მიზნით, ბრალდებულმა მისი მეგობარი ერთერთი ტელეფონით გაგზავნა მოწმე გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ტელეფონის ნომერზე კი აგზავნიდა წინასწარ შეთანხმებული შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იგი შეტყობინების მიღებისა და გაგზავნისას სპეციალურად იმყოფებოდა ძალოვანი უწყებების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაფიქსირებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ანძები. აღნიშნულის შედეგად ტელეფონებში, როგორც მტკიცებულება, დაფიქსირდა ყალბი მიმოწერა თითქოსდა გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რაც მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს როგორც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი ფაქტი. პარალელურად, ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თითქოს გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი უკანონო შეიარაღებული ფორმირების – ,,თეთრი ისარის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ამით ხაზი გაუსვა უკვე გამოთქმული მუქარების სერიოზულობას.

23 აგვისტოს, საჯარო სივრცეში გაკეთებული ზემოხსენებული განცხადებების ირგვლივ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე, თ.ხ. მოწმის სახით დაიკითხა, რა დროსაც გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-371’-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, თ.ხ.-მ პირადი მოტივით, რაც გამოიხატებოდა მკვლელობაში ბრალდებული შვილის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებასა და მოწმეებზე ზემოქმედებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით მისცა ცრუ ჩვენება. მისი განმარტებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან შეხვდა ორგანიზაცია „ინკვიზიტორების“ (იგივე „თეთრი ისარი“) შეიარაღებულ წარმომადგენლებს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ორგანიზაციამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გიორგი შაქარაშვილის ბიძას მირიან ნიკოლაძეს და მოწმე გურამ ამირხანაშვილს. ასევე განუცხადეს, რომ მათ მოიპოვეს გურამ ამირხანაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადასცეს მედიასაშუალებებს. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ იგი მიესალმება ზემოხსენებული ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკითხვისას მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას და მიზნად ისახავდა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით განზრახ ხელის შეშლას, გამოძიების რესურსის ხარჯვას არარსებული პირების გამოვლენისა და მოგონილი ფაქტების გადამოწმების მიმართულებით, ასევე წარმოადგენდა პირდაპირ მუქარას პროცესის მონაწილეებზე.

თ.ხ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში, მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების სახის განსაზღვრისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა დაკავებულის მიერ საჯაროდ გამოთქმული სისტემატიური მუქარები, მისი ქმედების ორგანიზებული და საზოგადოებისთვის საშიში ხასიათი, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის მაღალი ალბათობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია 260-ე მუხლით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ხოლო 2018 წელს მის მიმართ გამოწერილია ორდერი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

კომენტარები