(შაქარაშვილის საქმე) არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, – დაინახა, როგორ მიაყენეს შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები, როგორ ჩააგდეს წყალში“ – ზ.ხ.ს ადვოკატი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს, დაკითხეს მოწმეები.

-„არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, – დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები, როგორ ჩააგდეს ის წყალში.

საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, გადააგდეს თუ არა შაქარაშვილი ბრალდებულებმა წყალში. გელხაურს აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი, – ვინ მიაყენა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები, როგორ აღმოჩნდა ის წყალში. ამის მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ექსპერტიზის არც ერთი დასკვნა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ, ამ პირებს რაიმე სახით გიორგი შაქარაშვილთან შემხებლობა ჰქონდათ. სასამართლოს ჩვენ პოზიციას დავუფიქსირებთ, რომ ამ საქმეში მნიშვნელოვანი ესაა. მნიშვნელოვანი ის არაა, აგარაკზე რომ დაიწყო კონფლიქტი, ასევე როგორ განვითარდა მოვლენები, ეს ეპიზოდი ძალადობის ნაწილში არ არის, ამაზე ცალკე მიმდინარეობს გამოძიება. პროკურატურას შესავალ სიტყვაში არ უსაუბრია,  რომელი მტკიცებულებით ადასტურებს შემხებლობას გარდაცვლილ შაქარაშვილთან იმ ბრალდებულების, რომლებიც ამ საქმეში არიან წარმოდგენილი. გვაქვს მოლოდინი, სასამართლომ ერთადერთი და ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც გამამართლებელი განაჩენია”,-  განაცხადა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები