შაქარაშვილის საქმე – „პირზე ხელს აფარებდნენ, რომ არ ეყვირა, თან ცემდნენ – ეგონათ შემოაკვდათ…” – ექსპერტის ვარაუდი

-„სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილი ცემის დროს იწვა,  შესაძლოა, მას ვიღაც იჭერდა, პირზე ხელს აფარებდა. , ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ცემაში მინიმუმ ორი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
აღწერილია ტარდიას ლაქები ფილტვებში მრავლობითი, რომელიც ხშირად მექანიკური ასფიქსიის დროს ვითარდება. ცემის დროს ისეთი ძლიერი დარტყმები მუშტით ვერ ექნებოდა. სავარაუდოდ, მას წიხლებს ურტყამდნენ, მეორე ადამიანი პირზე ხელს აფარებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ის გაითიშა, წყალში გადაგდების შემდეგ  მოხდა ასფიქსია. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია.
სუნთქვის შეკავება ადამიანს, საშუალოდ, 2-3 წუთი შეუძლია. შესაბამისად, შაქარაშვილს თუ პირზე ხელს აფარებდნენ, მას შეეძლებოდა, სუნთქვა შეჩერებოდა, თავდამსხმელებს კი ჰგონებოდათ, – შემოაკვდათ.
თუკი სუნთქვა გაჩერდა იფიქრეს, შემოგვაკვდაო, წყალში გადააგდეს, მაგრამ ცოცხალი… და იქ დაიწყო ბოლო ფაზა ასფიქსიის“, – განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესიკ კილასონიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

31 ივლის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი მცხეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

10 ივლისს პროკურატურა გიორგი შაქრაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა:

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან.

საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე.

ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე“.

28 ივნისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა. თავის მხრივ, ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

26 ივნისს საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც ავტომობილით მოგვიანებით ჩავიდნენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები