შაქარაშვილის საქმე – „ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო – ილაპარაკონ ასეთი აბსურდი, სხვა გზა არ აქვთ“ – პროკურორი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს, დაკითხეს მოწმეები.

-„არც ერთი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, – დაინახა, თუ როგორ მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს ბრალდებულებმა დაზიანებები, როგორ ჩააგდეს ის წყალში“, – განაცხადა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზ.ხ,-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი დაცვის მხარის განცხადებებს პასუხობს:

-„ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვთ ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო, გამიკვირდებოდა, რომ ეთქვათ, ბრალდების მხარეს შესავალი სიტყვა გაჯერებული იყო მტკიცებულებებითო, რა თქმა უნდა, ისინი იტყოდნენ, რომ არ იყო მტკიცებულებები, -ბრალდების მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ვერ ასახელებს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ არის სწორი, მათ სხვა გზა არ აქვთ, რომ არ ილაპარაკონ ასეთი აბსურდი.

სასამართლოს მოვახსენეთ ჩვენი სიტყვა, ვისაუბრეთ ბრალდების ირგვლივ ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, როგორ მოხვდა გიორგი შაქარაშვილი წყალში. თუ როგორ გარბის გიორგი შაქარაშვილი, ეს ჩანს ვიდეოჩანაწერშიც, მოწმეებიც არიან ადგილზე, მადლობა ღმერთს, რომ ადგილზე იყვნენ, დაინახეს, როგორ მისდევდნენ და გაიგეს ხმები, რომ გიორგი შაქარაშვილს ჩაყვნენ ხიდის ქვეშ, დიახ, ახვლედიანს და ამირხანაშვილს ვგულისხმობ.

ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ გიორგი შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა სხეულზე,მისი გარდაცვალება წყალში დახრჩობით მოხდა. ხუთივე ბრალდებულმა, რომელსაც მკვლელობაში აქვს ბრალი წაყენებული, გიორგი შაქარაშვილი წყალში ჩააგდო. ამას ვარაუდით არ ვამბობთ, ამას მტკიცებულებების, ვიდეოჩანაწერის, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე ვაცხადებთ. შ.პ.ს. “ელდერადოს” ვიდეოჩანაწერები ასახავს იმ გარემოებას, რომ გიორგი შაქარაშვილს მისდევენ. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სამწუხაროდ არ არის ვიდეოჩანაწერები, თუმცა, უამრავი მტკიცებულება არსებობს. პირდაპირი მტკიცებულებებია იმ პირების ჩვენებები, რომლებიც უახლოეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ესენი არიან გურამ ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი. როცა გურამ ამირხანაშვილი თბილისში წამოიყვანეს, გზაშიც იყო საუბარი შაქარაშვილთან დაკავშირებით, ბრალდებულები ინტერესდებოდნენ, ისევე კარგად იცოდა თუ არა მან ცურვა, როგორც დარბოდა”, – აცხადებს ყაზარაშვილი.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს – არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ედავებიან.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები