(შაქარაშვილის საქმე) 20 წუთი დაზიანების მიყენებიდან გარდაცვალებამდე – ექსპერტებმა დრო დაადგინეს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ.

-„პროცესზე ექსპერტებმა დეტალურად განმარტეს, რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო გიორგი შაქარაშვილს სხეულზე არსებული კონკრეტული დაზიანებები.

მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება, –  სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურებულია, – გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი და ხანდაზმულობა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე წინა უახლოეს პერიოდში. შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მეტად დაკონკრეტდა პერიოდი, შაქარაშვილს დაზიანებები 10-20 წუთით ადრე ჰქონდა მიყენებული.

ექსპერტებმა დეტალურად ახსნეს, კონკრეტული დაზიანებები რა ვითარებაში შეიძლება მიეღო: ეს იყო მრავალჯერადი დარტყმების შედეგად განხორციელებული და მიყენებული დაზიანებები.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ თავდასხმაზე, განხორციელებული იქნა ამ ადამიანთან მიმართებაშიც, რომლის დედაც არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი და სწორედ აღნიშნული თავდასხმით დაზარალებული იყო“, – განაცხადა  საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები