„შაქარაშვილის სურათი რომ ნახა, ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო…“- გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას, “კურიერი” ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა შვილის მიერ მოყოლილი ვერსია, მომხდართან დაკავშირებით:

-„დაიწყო ნაქირავებ აგარაკზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის, სადაც ვახო ჩიქოვანი შევიდა გასაშველებლად და თავში ბლაგვი საგანი მოხვდა, გაუტყდა თავი. ჩემი ბიჭი იყო შიგნით ბარში, როდესაც ყველა გარეთ გავიდა ჩხუბზე, ჩემმა შვილმა მეც გავყევიო, ჰაერზე რომ გამოვედი, რაღაცამ იმოქმედა და ცუდად გავხდი, იქვე გვერდზე ხეს მივეყუდეო. 5-10 წუთში მორჩა ეს ყველაფერი, ჩემი ძმაკაცი ვახო ჩიქოვანი მოვიდა, ამაყენა და ჩამსვა მანქანაშიო. რომ მოვდიოდით ავტობანზე, მე ძილბურანში ვიყავი, უცებ მანქანა გაჩერდა, ყველა გადახტნენ მანქანიდან, გარბოდნენ, მეც გავეკიდე, ავარია მეგონაო. დავეწიე და ვეკითხები რა ხდებაო, გადავირბინეთ შუა გაზონი და იქ, რომ მივირბინეთ ბიჭები აღარ იყვნენ დაიმალნენო, ანუ რომ დაინახეს, რომ მივრბოდით, დაიმალნენო.

ვსო… მე იქ გავჩერდი, მოვიდნენ ბიჭები, მითხრეს, წადი შენ მანქანა მოიყვანე და ჩვენ ამათ ვნახავთ აქ, თუ არიანო. წავედი, მანქანა მოვიყვანე და ამ დროს უკვე ის ბიჭი (გურამ ამირხანაშვილი) ჰყავთ ერთ-ერთი ნაპოვნი, ბუჩქებიდან ამიყვანესო. ამოდი, ნუ გეშინია, არაფერს არ დაგიშავებთ კარგი ხალხი ვართო. ჩავისვით მანქანაში და ვუთხარით, რომ თუ გინდა აქ დარჩი, მოძებნე შენი მეგობარი და ერთად წაგიყვანთ, თუ გინდა ჩვენ მოგეხმარებით მოძებნაშიო. შეშინებული იყო ეს ბიჭი და უთქვამს, არა, წამიყვანეთ, ჩემი ძმაკაცი თვითონ მიხედავს თავის თავსო. გვითხრა დიდუბეში დამტოვეთო…

გიორგი შაქარაშვილი ჩემს ბიჭს არ უნახავს, პირველად ნახა ამ ბიჭის სურათი და აუტყდა ტირილი, როგორ მოკვდა ჩვენს გამო ეს ბიჭიო,” – განაცხადა დაკავებული არასრულწლოვნის მამამ თამაზ ხამასურიძემ.

კომენტარები