„შაქარაშვილს იმიტომ დავედევნეთ, მანქანა არ დაჯახებოდა“ – ვახტანგ ჩიქოვანი

ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა.

ამის შესახებ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა. 

-„ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო, ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. ჩიქოვანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როცა ამბობს, – ამირხანაშვილი თბილისში იმის გამო წამოიყვანეს, რომ მას გზის ფული არ ჰქონდა.

მოწმემ ისაუბრა, როგორ დატოვეს მცხეთის ტერიტორია, როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისისაკენ, როგორ დაბრუნდნენ კვლავ მცხეთაში. ვახტანგ ჩიქოვანმა ისაუბრა მის ავტომობილში მყოფ პიროვნებებთან დაკავშირებით, მოახდინა საკუთარი თავის ჩათვლით ექვსივე პირის იდენტიფიცირება, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სხვა საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს, ის გაფრთხილებული არ იქნა ცრუ ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას სურდა. ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. არაერთი ზარია ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონიდან “მერსედესის” მგზავრებთან, – ნიკა ჟვანიასთან, ირაკლი მუმლაძესთან და სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, “ქამრიში” მყოფ არჩილ გაგნიძესთან. მოწმე განმარტავდა, – აღნიშნული არ ახსოვს, არჩილ გაგნიძესთან ზარი ახსოვდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ ახსოვდა.

ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა, – „ქამრიში” მყოფი ყველა პირი გადმოვიდა ავტომობილიდან, თავდაპირველად განაცხადა, – ქვეითად მყოფ პირებს, მათ შორის შაქარაშვილს დაედევნენ, თუმცა, შემდეგ განმარტა, ეს დადევნება არ იყო. ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება ძალიან კეთილშობილური იყო, მისი თქმით, ქვეითად მიმავალ პირებს ავტომობილი რომ არ დაჯახებოდათ, თურმე, ამ მიზნით მისდევდნენ მათ.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის წამოყვანას, ამ ეპიზოდზეც ბევრი დეტალი არ ახსოვს, თუმცა, განაცხადა, – ამირხანაშვილი საკუთარი ნებით წამჰოყვა. მოწმის თქმით, ფინანსური საკითხები გაარკვიეს, რამდენად ჰქონდა საშუალება, რომ ის დამოუკიდებლად წასულიყო, ასევე ტელეფონის საკითხები გაარკვიეს. ამირხანაშვილის ჩვენებით, თანხა მას ნამდვილად ჰქონდა, მან დიდუბეშიც გამოიძახა ტაქსი, სხვას 5 ლარიც ჩაურიცხა, რითაც დასტურდება, – გური ამირხანაშვილის ჩვენება სინამდვილეა,  შესაბამისობაში მოდის საქმის დეტალებთან. მოწმემ განმარტა, – ამირხანაშვილს მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს”, – განაცხადა გუგუტიშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

კომენტარები