„შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია“ – დიმიტრი ხუნდაძე

შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია.

ომბუდსმენმა პარლამენტს კანონპროექტში გასათვალისწინებული რეკომენდაციები მიაწოდა, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით). საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა.

-„გუშინდელი სასესიო განხილვის შემდეგ შედგა კომუნიკაცია სახალხო დამცველთან, მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული, ჩაშლილია ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა შენიშვნები სესიაზეც. ასევე, სახალხო დამცველს რაც ჰქონდა წარდგენილ წერილში, ჩვენ  გავითვალისწინეთ. წარმოდგენილია უკვე სახეცვლილი, ანუ უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტი კანონპროექტის. დღეს, გვაქვს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს, მოსახლეობის ინფიცირების რისკები იყოს მინიმალური“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები