„შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მათი რეკომენდაციით დაიწყო პრევენციული“ – კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო.

-„აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ ათეულობით წლების წინ დაიწყო, მისი გააქტიურების პირველივე დღეებიდან, თბილისის მერიამ, სპეციალისტებთან ერთად, საპრევენციო ღონისძიებები მყისიერად დასახა.

პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ათეულობით წლების. ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება, რათა მომდევნო წლებში აღარ შეიქმნას მსგავსი ვითარება. როდესაც გაირკვა, ფერდზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა, იყო გარკვეული საშიშროება, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება ორმხრივად შევზღუდეთ. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები არიან ჩართულები. მათი რეკომენდაციით დაიწყო პრევენციული ღონისძიებები.

მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებასთან დაკავშირებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, მსგავსი შინაარსის განცხადებები მოსახლეობაში პანიკის დათესვა ისახავს მიზნად, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

სიცრუე, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდებოდა და ემსახურებოდა პანიკის დათესვას, კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ვიღაცას მე არ მოვწონვარ, შეიძლება დღევანდელი დედაქალაქის მთავრობა არ მოსწონს, მაგრამ ამგვარი განცხადებები აზარალებს და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან. საუბარი იყო იმაზე, თითქოს მუნიციპალიტეტი არასწორად იქცევა და არ ახორციელებს ადამიანების ევაკუაციას. ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა, პირველები ვიქნებოდით ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებდა და მოსახლეობას გაიყვანდა უსაფრთხო ადგილზე. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საზოგადოება მოატყუოს, შეიყვანოს შეცდომაში და დათესოს პანიკა.

კომპანიას „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც ამჟამად მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს ახორციელებს, დიდი გამოცდილება გააჩნია.

ეს კომპანია მუშაობდა წყნეთი-ბეთანიას აღდგენით სამუშაოებზე. მე მახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო იმ კონკრეტულ მონაკვეთზე. საუბრობდნენ იმაზეც, რომ იქ შეუძლებელი იქნებოდა გზის დაბრუნება, თუმცა გერმანელი სპეციალისტების ჩართულობით, კომპანიის სწორი მუშაობითა და გადაწყვეტილებებით, დღეს გზა ჩვეულებრივ გახსნილია. ასევე შეშელიძის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი, სადაც გვაქვს მეწყრული ფერდი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ირგვლივ მაღალსართულიანი კორპუსებია განთავსებული, რომლებსაც ფაქტობრივად საძირკველი ეცლებოდა, ისეთი მძიმე მდგომარეობა იყო. დღეს ყველაფერი მოწესრიგებულია, მიმდინარეობს სამუშაოები და არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ.

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს, დამონტაჟებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემა.

კომენტარები