„შეიძლება დღე და ღამე ეკლესიაში დადიოდეს კაცი, მაგრამ არ იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. შეიძლება ძალიან ბევრს ლოცულობს და მარხულობს კაცი“

-„შეიძლება დღე და ღამე ეკლესიაში დადიოდეს კაცი, მაგრამ არ იყოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. შეიძლება ძალიან ბევრს ლოცულობს და მარხულობს კაცი, მაგრამ მართლმადიდებელი არ იყოს. გაქვს რწმენა, მაგრამ არა გაქვს სიყვარული – არა ხარ სრულყოფილი მართლმადიდებელი! გაქვს სიყვარული, მაგრამ არ მისდევ და არ იცავ სიმართლეს – არა ხარ მართლმადიდებელი! იცავ მარხვებს, ეზიარები, მაგრამ გძულს მოყვასი – არა ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი! მღვდელი ხარ, წირავ, იღწვი, მაგრამ არ განიცდი გაჭირვებულისადმი სიბრალულს – არა ხარ სრული მართლმადიდებელი! მოწყალებას გასცემ, აშენებ ეკლესიას, მაგრამ ყოველივე ამას ანგარებით აკეთებ – არა ხარ ნამდვილი მართლმადიდებელი! სუფთა ხარ, კეთილსინდისიერად აღასრულებ ღვთისმსახურებას, (მღვდელი), მაგრამ უსამართლობა სულს არ გტკენს და ლაჩრობით ხუჭავ თვალებს, – არ ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი!…პატიოსნად შრომობ, გაჭირვებულს ეხმარები, ცოლს არ ღალატობ, მაგრამ შვილებს ვერ ზრდი ღირსეულად – არ ხარ მართლმადიდებელი! კარგი მორწმუნე, მეოჯახე, ქმრის ერთგული ქალი ხარ, მაგრამ შური გჭამს სხვა ქალებისა, ან კეთილდღეობის, ან გარეგნობის – არ ხარ მართლმადიდებელი! რამდენი რამის თქმა შეიძლება, ხედავ, ბაბუა? მართლმადიდებლობა ერის სისრულეა! ერის სრულყოფისაკენ შესაშური სწრაფვა! მართლმადიდებლობა ღმერთის სათნო, ღმერთის გასახარი ცხოვრების წესია და არა მხოლოდ მკერდზე ჯვრის ტარება და კანონების, წესების ყალბი შესრულება.
ჩვენ როცა მთელი არსით შევუდგებით ღმერთს, ვის შეუძლია ჩვენი დამარცხება? არავის, ბაბუა! ჩვენ რომ სამღვდელოებაში სრულიად წმინდანები გვეყოლება, იქნება ვინმე გულგატეხილი ქართველი? არა! ჰოდა ეს კარგი დროებაც იწყება და ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ!”

მამა გიორგი ბასილაძე

კომენტარები