„შეიძლება, კატე კვლევაზე არანაირი სიმპტომი არ გამოჩნდეს, ის ნელ-ნელა განვითარდეს“ – მერამდენე დღეს სჯობს კომპიუტერული ტომოგრამის გადაღება

სოციალური ქსელით გავრცელდა  რჩევა, რომელიც კოვიდინფექციის დროს ფილტვების მდგომარეობის შემოწმებაში დაგვეხმარებოდა.
ბევრს გახსოვთ: – „შეიკავეთ სუნთქვა 10 წამის განმავლობაში, თუ ეს შეძელით ხველის გარეშე, სავარაუდოდ, თქვენი ფილტვები დაზიანებული არ არის”.
ტესტის შესახებ კითხვა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჯანმრთელობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ვიდეოინტერვიუს დროს ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას დაუსვა.
ინფექციონისტის პასუხი ამ კითხვაზე:
-„ეს არ გახლავთ ასპროცენტიანი შესაფასებელი ტესტი. მხოლოდ ამ ტესტზე დაყრდნობით ფილტვების მდგომარეობას ნამდვილად ვერ შევაფასებთ“.
 ძალიან ბევრი კოვიდდადებითი ადამიანი, ასევე საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები ცდილობენ, რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ ე.წ კატეკვლევა, ფილტვის დაზიანების პროცესები რომ არ გამოეპაროთ. რამდენად აუცილებელია და სიმპტომებიდან მერამდენე დღეს სჯობს კომპიუტერული ტომოგრამის გაკეთება, ალექსანდრე გოგინავას პასუხი:
-„ძირითადად, როდესაც ფილტვები ზიანდება, მანამდე მას არაერთი სიმპტომი უსწრებს წინ. ტემპერატურა, ხველა, ძლიერი სისუსტე, დისკომფორტი გულ-მკერდის არეში. ძალიან იშვიათია, სერიოზული პნევმონია, ფილტვის მაღალი ხარისხის დაზიანება განვითარდეს მაშინ, თუ ეს სიმპტომები გამოხატული არ გვაქვს.

ამიტომ ყველა პაციენტს კტ კვლევა არ სჭირდება. ის ესაჭიროებათ პაციენტებს, ვისაც აქვს გახანგრძლივებული ცხელება, ვისთანაც სიმპტომები პროგრესირებს, ან ხანდაზმულები არიან, აქვთ ფონური დაავადებები, თუ არის სიცხე შეუქცევადი, ძლიერი ხველა, სუნთქვის უკმარისობა. ბინაზე მყოფი პაციენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, პირველის დღეებში თუ არ აქვთ დაავადების მძიმედ მიმდინარეობა, კომპიუტერული ტომოგრამის ჩატარებას ავადობის პირველ დღეებში მათთვის აზრი არ აქვს.  კვლევის ჩატარება თუ გვინდა, უმჯობესია ჩავიტაროთ დაავადებიდან ერთი კვირის თავზე. საწყის პერიოდში,სიმპტომებიც ძლიერად გამოხატული თუ არ არის, შეიძლება, კატეკვლევაზე არანაირი სიმპტომი არ გამოჩნდეს და ის ნელ-ნელა განვითარდეს და დაიწყოს პროგრესირება. ამიტომ თუ მაინც იტარებთ ამ კვლევას, ჩაიტარეთ მე-7-მე-8 დღეს”.
კომენტარები