„შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი“ – ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს:

-„ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.  ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა, უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა”.

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება:

-„ახალი შტამები უკვე წამოსულია… ერთი და მეტი თვის წინ ვამბობდი, რომ შესაძლოა, ქართული შტამიც მივიღოთ, ახლა ვფიქრობ, შესაძლოა, უკვე გვაქვს კიდეც ქართული შტამი… გვაქვს რაღაც ტიპის ლაბორატორიული ბაზა, მაგრამ იქ სრული კვლევა შტამებზე ლიმიტირებულად ტარდება და არა  ოდენობით, რა ოდენობაც საჭიროა ამის დასადგენად.

დავუშვათ შეეყარა ერთ ადამიანს ვირუსი, ვითარდება ვირუსი მის ორგანიზმში, იცვლება, ამ ადამიანიდან სხვას რომ გადაედება ვირუსი, მასთან უკვე ხვდება ისეთი შეცვლილი ფორმით, რა ცვლილებაც იმ პირველი ინფიცირებულის ორგანიზმში განიცადა.

ზოგადად ყველა მუტაცია როდია საშიში, მაგრამ საშიში ისაა, რომ რაც მეტია მუტაცია, მით მეტია შანსი, გამოერიოს ერთი ცუდი შტამი. სამხრეთ აფრიკაში უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ ერთი გამოერია ბოროტი და ცუდი შტამი. იგივე მოხდა ინდოეთშიც. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ახალი ცუდი შტამები, უნდა შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება. როგორ შევაჩეროთ ვირუსის გამრავლება, წესით, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გავიმეორებ, ფაიზერით აცრა, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. გისურვებთ ჯანმრთელობას!“

კომენტარები