შექმნილია საგანგებო შტაბები და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ

იმერეთის რეგიონში რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა და ინტენსიურმა თოვლმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50 – 60 სმ-ს მიაღწია.

მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დრომდე მოძრაობა არც ერთ საავტომობილო გზაზე არ არის შეჩერებული. ყველაზე რთულ, მუხურა-ტყიბულის მონაკვეთზე, გადაადგილება მხოლოდ დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის არის შეზღუდული.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა თოვლის სახით, ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრსაც გადააჭარბა. მიუხედავად ასეთი მეტეოროლოგიური პირობებისა, მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფელსა და ქალაქში.  რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით და გაზმომარაგებაზე, მაგრამ ყველა სამსახური მობილიზებულია.  შევქმენით საგანგებო შტაბები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ასევე, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და არსებული რესურსით, ყველა პრობლემაზე მყისიერად, საჭიროებიდან გამომდინარე ვრეაგირებთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები