შექსპირის 1623 წელს გამოცემული პირველი ფოლიო ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდება

შექსპირის პირველი ფოლიო ნიუ-იორკში Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება. ეს უიშვიათესი წიგნი 1623 წელს არის გამოცემული. კრებულში სახელწოდებით „მისტერ უილიამ შექსპირის კომედიები, ქრონიკები და ტრაგედიები“ შეტანილია 36 პიესა. რამდენიმე პიესა წიგნის გამოქვეყნებამდე არ დაბეჭდილა არცერთ გამოცემაში. წიგნი ამჟამად ლონდონშია გამოფენილი.

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ წიგნის გაყიდვით 4-დან 6 მილიონამდე დოლარს მიიღებენ. 2001 წელს ასეთივე გამოცემა Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად – 6 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა.

წიგნს ყიდის კალიფორნიის ქალაქ ოკლენდის კერძო კოლეჯი Mills College. ეს არის კერძო კოლექციებში შემორჩენილი 6-დან ერთ-ერთი ეგზემპლარი.

პირველი ფოლიო შექსპირის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა. ის გამოსცეს მსახიობებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა, რომლებიც შექსპირის თეატრის დასში მუშაობდნენ. ისინი წიგნს მთელი ერთი წლის განმავლობაში ამზადებდნენ გამოსაცემად. ზოგიერთი პიესა პირველად ქვეყნდებოდა, მათ შორის, „მაკბეტი“, „ჭირვეულის მორჯულება“ და „მეთორმეტე ღამე“.

ლონდონის გამოფენიდან პირველი ფოლიო გაიგზავნება ნიუ-იორკში, ჰონკონგში და პეკინში. შემდეგ წიგნს კვლავ ნიუ-იორკში ჩაიტანენ, სადაც აუქციონზე გაიყიდება 24 აპრილს.
აუქციონის წიგნებისა და ხელნაწერთა დეპარტამენტის ხელძღვანელის მარგარეტ ფორდის თქმით, ექზეპლარი, პრაქტიკულად, პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი, ყველა ფურცელი ადგილზეა, რაც იშვიათი შემთხვევაა. ეს ეგზემპლარი თავის დროზე ეკუთვნოდა მე-18 საუკუნის ცნობილ ინგლისელ შექსპიროლოგს ედმუნდ მელოუნს.

წყარო: newsmir.info

კომენტარები