„შეშფოთებულნი ვართ ყაზახეთში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო. სახელმწიფოსა და მთავრობის ინსტიტუტებზე მიმართულ ძალადობას ვგმობთ…“ – ენტონი ბლინკენი ყაზახეთის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყაზახეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა:

-„ძალიან შეშფოთებულნი ვართ ყაზახეთში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო. ყაზახეთის ხელისუფლებას მოვუწოდეთ, სათანადო რეაგირება მოეხდინა, პროპორციულად და ისე, რომ დაცული იყოს მომიტინგეების უფლებები. გუშინ ვესაუბრე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. დავუდასტურე ჩვენი სრული მხარდაჭერა ყაზახეთის კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ, ასევე ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მედიის თავისუფლების აბსოლუტური მნიშვნელობა, მათ შორის ინტერნეტ სერვისის აღდგენა. კრიზისის გადაწყვეტა უფლებების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს, რაც მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების დაცვას მოიცავს.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოსა და მთავრობის ინსტიტუტებზე მიმართულ ძალადობას ვგმობთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც ყაზახეთთან გვაქვს. ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა გამონახონ.

რაც შეეხება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ჩვენ გვაქვს კითხვები მოთხოვნის ბუნებასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მეტი ამის შესახებ. მეჩვენება, რომ ყაზახეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს და ისე გააკეთოს ეს, რომ პატივი სცეს მომიტინგეების უფლებებს და ამავდროულად კანონი და წესრიგი დაიცვას. ასე რომ, გაუგებარია, რატომ გრძნობენ ისინი რაიმე გარე დახმარების საჭიროებას. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მეტი გავიგოთ ამის შესახებ“.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო.  კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.

ყაზახეთში 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ​მიიღო.

თოყაევის პრესმდივნის, ბერიკ უალის განცხადებით, 10 იანვრის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლის გამო მიიღო.

ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, მასობრივი არეულობის შედეგად ქვეყანაში 18 სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 700 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

ალმათიში ჩატარებული რეიდის ფარგლებში, პოლიციამ 4 ათასი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებების შედეგად, 18 სამართალდამცველი და 26 მანიფესტანტი დაიღუპა.

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განკარგულებით, ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

კომენტარები