„შეხვედრები მწერალთა სახლში”- ირაკლი ღარიბაშვილი: „საფრანგეთში გავაგრძელეთ სწავლა. წავედი ნაჩუქარი 1000 დოლარით, მამაჩემის ერთმა მეგობარმა მაჩუქა ეს თანხა“

-„დედაჩემს სურვილი ჰქონდა, მე ყველაფერი მესწავლა და ყველაფერი ვერ ვისწავლე, მაგალითად, – მუსიკალურ ინსტრუმენტებს ვფლობდი და მივატოვე (პიანინოზე დაკვა), ვთვლი, რომ დიდი შეცდომა იყო.

გავიზარდე სოფელში, სკოლა დავამთავრე, იყო მძიმე წლებიც (გაჭირვებაც ნანახი მაქვს, ის მძიმე პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს), შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში თბილისში (საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი), ისე, რომ არავინ დამხმარებია, ბუნებრივია. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, წავსულიყავი ამერიკაში და გამეგრძელებინა სწავლა, იმიტომ, რომ ის განათლება, რასაც მივიღებდი საქართველოში, მიმაჩნდა, რომ არ იყო საკმარისი და მსურდა, რაღაც ახლის ძიება და ახლის შესწავლა.

ერთ-ერთ უნივერსიტეტში ნაწილობრივ დაფინანსების საკითხი იყო (დაახლოებით 5000 დოლარის დამატება იყო საჭირო), მაგრამ, იმის გამო, რომ ოჯახს არ ჰქონდა ამის საშუალება, ვერ წავედი ამერიკაში.

მე მყავდა ფრანგულის მასწავლებელი, ქალბატონი გიული კალატოზიშვილი. მას ვუამბე ეს ისტორია და ძალიან განიცადა. მან მითხრა, რომ არსებობს საშუალება, საფრანგეთში გავაგრძელო სწავლა. მე კარგად მოვემზადე და რომ იტყვიან, „ბედმა გამიღიმა“ და „გამიმართლა“, სორბონას უნივერსიტეტუიდან მივიღე მოწვევა, ჩემი ორი მეგობარიც წავიყვანე (გაგვიმართლა სამივეს), საფრანგეთში გავაგრძელეთ სწავლა. წავედი ნაჩუქარი 1000 დოლარით, მამაჩემის ერთმა მეგობარმა მაჩუქა ეს თანხა. რა თქმა უნდა, იქ თავიდან გამიჭირდა, 20 წლის ასაკში. დაახლოებით 2-3 თვის მგანმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ვერ ვშოულობდით „სტუდენტურ სამუშაო ადგილს“. ახალ წლამდე, დეკემბერში, ყველამ დავიწყეთ მუშაობა (სტუდენტური სამსახური არის, უნდა იყო ან ოფიციანტი, ან ჭურჭლის მრეცხავი ან ჭურჭლის გადამზიდავი), რომელსაც მოახერხებ საღამოს საათებში და დამატებით შემოსავალს მიიღებ თვის განმავლობაში. სწავლას და მუშაობას ერთად ვახერხებდი, ვუთავსებდი. ბევრს ვსწალობდი და ბევრს ვმუშაობდი. 4-5 საათი მეძინა (ახლაც ვერ ვახერხებ მეტ ძილს). ასე გაგრძელდა პირველი წელი. შემდეგ ჩამოვედი, იმიტომ, რომ მე მყავდა საცოლე (რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა), დაქორწინებას ვაპირებდით. შემდეგ ისევ უნდა გამეგრძელებინა სწავლა საფრანგეთში“, – ირაკლი ღარიბაშვილი.

2014 წელი

– ირაკლი ღარიბაშვილი

 

კომენტარები