შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სადეპორტაციო ცენტრში

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც ასევე იმყოფებოდა სადეპორტაციო ცენტრში.

„შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით. ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ  დეტალური ინფორმაციის მოწოდება. თავის მხრივ იტალიის ელჩმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

მომხდარის თაობაზე ასევე დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს.

ციხეში 20 წლის ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები