შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება

27 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საერთოდ, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმინდის მადლით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.

განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს.

კომენტარები