„შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა – ჩემი საქციელი უღირსი იქნება, თუ ნამოხვანის ჰესებზე ხმამაღლა არ ვისაუბრებ“ – მეუფე სტეფანე

-„ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა. ვცდილობდი, ნამოხვანის ჰესების საკითხზე ღიად არ მესაუბრა, –  დღეს სხვა გზა არ დამრჩა. დარბევის შემდეგ, ჩემი საქციელი იქნება ყოვლად უღირსი,  ხმამაღლა თუ არ ვილაპარაკებ. მოსახლეობას უფლება აქვს, იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ეს კუთხე. სიმართლე თუ ხელისუფლების მხარეზეა, ის შეგიძლია არგუმენტებით დაიცვა, არ არის საჭირო ხალხის ცემა. ამით მეც თავში ჩამარტყეს. ვერც ყოფილი და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ ასაბუთებს, ნამოხვანის ჰესების კასკადი რეგიონისთვის უსაფრთხოა და მომგებიანია ქვეყნისთვის.

ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიგეგმა, მაგრამ მაშინ დაიბლოკა გარემოზე ზემოქმედების, მდინარის თავისებურებების, ქუთაისის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით. სააკაშვილის ხელისუფლებამ „ნაფტალინიდან“ ამოიღო ეს პროექტი და ხელახლა შემოიტანა. მოსახლეობა შფოთავდა, რადგან ახსოვდათ, წლების წინ რატომაც დაიბლოკა. მაშინ მე დავესწარი შეხვედრას ცაგერის კულტურის სახლში, ხელისუფლების, კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები იყვნენ. უსაფრთხოებაზე როცა დაისვა კითხვები, ექსპერტები ვერ ასაბუთებდნენ. 2012 წელს, „ქართული ოცნება” წინასაარჩევნო შეხვედრებსრომ ატარებდა, მაშინ ითქვა, – გიგანტური ჰესების მშენებლობა უნდა შეწყდეს. თან ნამოხვანის კასკადი ერთი ჰესი არ არის, ჯერ სამი უნდა ყოფილიყო და ახლა ორზე დაიყვანეს. ოღონდ, ენგურჰესის შემდეგ, მაინც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესი გამოდის. მეორედ, ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრა უკვე ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დროს ჩატარდა. არადა, მანამდე ამბობდნენ, – ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. ამ შეხვედრაზეც მივედი. გამორიცხულია, რომ არ დავსწრებოდი. მთელს ლეჩხუმსა და იმერეთს ეხება. იტბორება ჩვენი ეპარქია და თუ დაინგრა, ქუთაისსაც წაიღებს.

ამასთან, იქ არის სეისმური ზონა. გვახსოვს, 8 ბალიანი მიწისძვრა რაჭაში (1991 წელს). რაღაც რომ მოხდეს, ნამოხვანის ჰესების კაშხლები გათვლილია 5 ბალზე. ჯერ-ჯერობით არც ერთი დასკვნა არ არის რეალურად დადებული. იქ სულ კარსტული მღვიმეებია, სიცარიელეა მთებს ქვემოთ. თუ დამბამ მიწისძვრას გაუძლო, შესაძლოა წყალი ამ მღვიმეებში გაიპაროს და ამოავსოს. ამ მღვიმეების მხოლოდ ერთი ნაწილია პრომეთეს მღვიმე.

ჩემთან მოვიდნენ კომპანია „ქლინ ენერჯის“ წარმომადგენლები, ითხოვეს შეხვედრა. ჯერ ეს კომპანია იყო ინვესტორი, ვიდრე ამ პროექტს „ენკა რინიუებლზს“ გადაულოცავდნენ. სურდათ აეხსნათ, რა სიკეთე მოაქვს ნამოხვანის ჰესების კასკადს. შეხვედრაზე დავთანხმდი, ოღონდ ჩვენთვის სანდო სპეციალისტების თეა გოდოლაძის, ნინო ჩხობაძის, მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით. მთავარი იყო გეოლოგიური კვლევა. დაგვპირდნენ, ამაზე ვმუშაობთ და მოგიტანთო. არაფერიც არ მოუტანიათ. მას შემდეგ, რაც პროექტი ახალ ინვესტორს გადაეცა, თურქული კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ ტაძრის აშენება შესთავაზა.

კომპანია„ენკა რინიუებლზმა“ ჯერ ჩემი ნათესავი დანიშნა საინფორმაციო ცენტრის უფროსად, რომელიც მოვიდა ჩემთან და მითხრა, ყველაფერს გააკეთებდნენ, თუ დავთანხმდებოდი. მე ვუთხარი, რომ მხარე არ ვარ, მჭირდებოდა ზუსტი ინფორმაცია, სანდო კვლევები, ხალხს რომ არ შეეშინდეს. ამის სემდეგ თურქული კომპანიის ხელმძღვანელი შემხვდა და თანხმობის სანაცვლოდ, ტაძრის აშენება შემომთავაზა. რამდენიმე შეხვედრაც გაიმართა მოსახლეობის თხოვნით, რომლის მოდერაციასაც ჩვენ ვახდენდით. სხვა შეხვედრებზე არ ასწრებენ ადგილობრივებს. სადღაც, ფარცხანაყანევიდან მოჰყავთ ხალხი, ვისაც საერთოდ არ ეხებათ, ისინი კი თავს უქნევენ და ეთანხმებიან.

აჭარაში რამდენიმე წლის წინ აშენდა ჰესი, მალევე ჩამოინგრა გვირაბი. ამასთან კაშხალსაც ხვრელი გაუჩდა და წყალი გასდის. რამდენ ხანს გაუძლებს ასე? ერთი ადამიანიც კი არ არის პასუხისგებაში მიცემული. ზუსტად იგივე კომპანიები მონაწილეობენ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის შედგენასა და მშენებლობაში. ყაზბეგშიც, მთა რომ ჩამოინგრა, დარიალი ჰესი დაანგრია და 13 ადამიანი იმსხვერპლა. პასუხი იქაც არავინ აგო.

ნორმალური ურთიერთობაა საჭირო მოსახლეობასთან, როცა ითხოვენ გარკვევას, რა ელით. მშენებელი კომპანია რომ მივიდა და ყოველგვარი კანონის დარღვევით დაიწყო შენება, ის შეიძლება და გზის გადაკეტვა არა?“ – განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ „ობიექტივის“ ეთერში.

პოლიციამ დაშალა საპროტესტო აქცია სოფელ ჟონეთში

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 31-ე დღეა რიონის ხეობაში აქციას მართავენ. სოფლების ტვიშის, მექვენას და ნამოხვანის მცხოვრებლებს სადღეღამისო მორიგეობა ჯერ ნამოხვანში ჰქონდათ დაწესებული, იქ, სადაც ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა. 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს, ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. სასულიერო პირებმა ჯვარი იმავე დღეს აკურთხეს.

რიონის ხეობის დარაჯები

აქციის მონაწილეების უწყვეტი პროტესტის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა, შემდეგ ადგილობრივებმა სოფელ ჟონეთში, კომპანიის მეორე ბაზასთან გადაინაცვლეს და ახლაც იქ არიან.

14 ნოემბერს აქცია იმერეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, –  კომპანია „ენკა რინიუებლზმა“, რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ, 7 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

 

 

კომენტარები