შორეულ ჩრდილოეთ არქტიკაში სათბურის აირები ყინულებში გაჩენილი ბზარებიდან ამოდის

შორეულ ჩრდილოეთ არქტიკაში სათბურის აირები ყინულებში გაჩენილი ბზარებიდან ამოდის.

ალასკისა და ჩრდილო-დასავლეთ კანადის ყველაზე მიუდგომელი ადგილების თავზე გადაფრენისას, ნასას მკვლევრებმა დააფისირეს, როგორ დნება მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგების შოკისმომგვრელი რაოდენობა. ეს არის ნიადაგის გაყინული ფენა, რომელიც რეგიონის დიდ ნაწილს აკრავს.

დნობისას ეს ტუნდრა ატმოსფეროში ათავისუფლებს მეთანს და ნახშირბადის სხვა ნაერთებს. ეს კიდევ უფრო ასწრაფებს გლობალურ დათბობას.

ამჟამად არქტიკა იმაზე ორჯერ სწრაფად თბება, ვიდრე დედამიწის სხვა ნებისმიერი ადგილი.  რამდენად გაყინული და რთულია მისი ლანდშაფტი, ჯერ კიდევ არ ვიცით, სად, რა ადგილებში გამოიყოფა მეთანის დიდი ნაწილი.

ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის დედამიწის სისტემების მეცნიერის, კლეიტონ ელდერის განცხადებით:

„ცხელ წერტილებში, ე. წ. ჰოტსპოტებში, სენსორებმა მილიონში 3000 ნაწილაკით მეტი მეთანი დააფიქსირა.  დათვალიერებულ ზონაში  სულ ორი მილიონი ასეთი ჰოტსპოტი აღმოაჩინეს.

ეს რაოდენობა მართლა საკმაოდ ბევრია. წელიწადის უმეტეს ნაწილში, არქტიკის დიდი ნაწილი მეცნიერთათვის მიუწვდომელია და შესაბამისად, სახმელეთო დაკვირვებები მხოლოდ მცირე ნაწილებს მოიცავს.

არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობის სწრაფი დნობა უფრო ადრე სხვა აეროკვლევებმაც შენიშნა, თუმცა, ნასას ტექნოლოგია სრულიად ინოვაციურია და ამ რეგიონის კვლევის მთლიანად ახალ პერსპექტივას გვთავაზობს.

სპექტრომეტრი AVIRIS-NG წარსულშიც გამოუყენებიათ მეთანის კვლევებისას, მაგრამ ეს პროგრამები ფოკუსირებული იყო ადამიანის ფაქტორით გამოწვეულ მეთანის გამოყოფაზე დასახლებულ და სამრეწველო ზონებში.

მათი კვლევა პირველია, რომელმაც ეს ინსტრუმენტი ჰოტსპოტების საპოვნელად გამოიყენა, ისეთ ადგილებში, სადაც ნიადაგის დნობის შედეგად გამოწვეული გამოყოფა ნაკლებად არის შესწავლილი.

შედეგების ანალიზისას, მკვლევრებმა მეთანის ჰოტსპოტების წარმოუდგენლად დიდი რიცხვი მიიღეს. მათი განცხადებით, ეს წერტილები ძირითადად თავმოყრილია ტბების, ტბორების, ნაკადულების ნაპირებზე, ტენიან ადგილებში, მათგან 30-40 მეტრის მოშორებით.

ამ მანძილს იქით, ჰოტსპოტები თანდათან იშვიათი ხდება და საბოლოოდ, დაახლოებით 300 მეტრის იქით, ისინი სრულიად აღარ გვხვდება“.

უნიკალური ინფრაწითელი სპექტრომეტრის (AVIRIS-NG) გამოყენებით, მკვლევრებმა 400 მონაცემი შეაგროვეს 2017 წლის ივლისი-აგვისტოში განხორციელებული ფრენებისას, რომლებმაც სულ 30 000 კვადრატული კილომეტრი დაფარა.

საერთო ჯამში, გადაფრენებისას ჩატარდა დაახლოებით მილიარდი გულმოდგინე დაკვირვება მეთანის გამოყოფაზე; შედეგებმა გამოავლინა აშკარა მახასიათებელი იმისა, რომ გამოყოფა კონცენტრირებულია წყლის გარშემო.

ავტორებმა ჯერჯერობით არ იციან, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ასეთი დიდი რიცხვი. როგორც წინა კვლევები მიუთითებს, თერმოკრატერების სახელით ცნობილ ზოგიერთ ტბას შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი მეთანის გამოყოფა, არამედ სწრაფად ადნობს გარშემო არსებულ მრავალწლოვან მზრალობასაც.

მკვლევართა განცხადებით, მათ დააფიქსირეს, რომ ახლად წარმოქმნილი ასეთი ტბები ნიადაგს 15 მეტრის სიღრმეზეც ადნობს.

ჯერჯერობით უცნობია ის ფაქტორები, რომლებიც ნესტიანი ადგილებისა და წყალსატევების სიახლოვეს ჭარბ დნობას იწვევს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მოსაზრება.

ელდერი და მისი კოლეგები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ წყალსატევების სიახლოვეს მეთანის ჰოტსპოტების შეჯგუფების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თერმოკრატერები ხელს უწყობს მცენარეული მეთანის გამოთავისუფლებას.

მათი განმარტებით, ეს გახლავთ მრავალწლოვანი მზრალობის ნახშრიბადის დამატებითი გამოყოფა, ნახშირბადის, ათასობით წლის განმავლობაში გაყინული იყო; თუმცა, დნობასთან ერთად, მას საკვებად მოიხმარენ მიკრობები, რომლებიც შემდეგ მას მეთანის სახით გამოყოფენ.

რაც არ უნდა იყოს ამ ყველაფრის მიზეზი, საჭიროა მეტი საველე კვლევა, რომლის დასაწყებად ყველაზე კარგი ადგილი ალბათ სწორედ ეს წყალსატევებია.

მეთანს გლობალური დათბობის პოტენციალი 30-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე ნახშირორჟანგს. მიუხედავად პარიზის ხელშეკრულების ძალაში შესვლისა, მოსალოდნელია, რომ არქტიკის მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგები 45 პროცენტით შემცირდება, რასაც შედეგად მოჰყვება ატმოსფეროში მილიარდობით ტონა ნახშირბადისა და მეთანის გამოყოფა.

თუ გამოსავალს ვეძებთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. კრიზისში დრო ყველაფერია.

კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

 

წყარო: 1tv

კომენტარები