შსს – თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ორი ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:

-„დედაქალაქში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, „ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ FELLERS-ში იზოლაციისა ან კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.  

აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს “ათონელის” კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ “FELLERS”-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.

დანაშაული, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტიმბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა  22:00 საათიდან შეიზღუდა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1186 ადამიანს დაუდასტურდა, 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 7 პაციენტი გარდაიცვალა,

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა თბილისსა და აჭარაში გამოვლინდა.

თბილისში 469 ახალი შემთხვევა, აჭარაში გახლავთ 360 ახალი შემთხვევა. იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად. გუშინ იყო 211 და დღეს 99 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. ქვემო ქართლში გახლავთ 78, შიდა ქართლში – 15 ახალი შემთხვევა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 73, კახეთში 46, გურიაში 25 ახალი ინფიცირებული, მცხეთა-მთიანეთში არის 14 და სამცხე ჯავახეთში 7.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ-სასტუმროში – 1 420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები