შსს – მცდარია ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სასულიერო პირი პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული მანქანებით თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ

მცდარია ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სასულიერო პირი პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული მანქანებით თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ, – ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიუჟეტში ნაჩვენები იყო გადაუმოწმებელი და ინსცენირებული კადრები, რაც მიზნად ისახავდა პოლიციის დისკრედიტაციას და ფაქტების გაყალბებით საზოგადოების მოტყუებას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – „მორიგი შეკვეთილი დაკავება“, სადაც ტელეკომპანიამ საზოგადოებას ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სასულიერო პირი პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიული მანქანებით თელავში ჩაიყვანეს და მის დაკავებას გეგმავდნენ. გადაცემაში ვერ იქნა ნაჩვენები სიუჟეტში განვითარებული მთავარი ვერსიის დამადასტურებელი მასალა, მათ შორის ვერც სიუჟეტის „მთავარი გმირის“ თბილისიდან-თელავში პოლიციის მანქანით გადაადგილების დამადასტურებელი კადრები.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში ნახსენებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის კონკრეტულ თანამშრომლებს არანაირი კავშირი არ აქვთ სასულიერო პირის გადაადგილებასთან, ან „თითქოს“ მისი დაკავების ღონისძიებასთან.

რაც შეეხება სიუჟეტში ნაჩვენებ, თელავში გადაღებულ კადრებს, მიმდინარე წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ქალაქ თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-10 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა მოქალაქე ლ.ტ. (მისი განცხადებით, სასულიერო პირი – ბერი იონა), საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, რადგან დაარღვია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი.

მოქალაქე ლ.ტ.-ის შეჩერების ადგილზე ნანახი იქნა დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მოქალაქე ლ.ტ.-ს პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჭირო იყო მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც მან ტელეკომპანიის ჟურნალისტების თანდასწრებით უარი განაცხადა. მას დამატებით განემარტა, რომ ადვოკატის თანხლებით ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებში.

რაც შეხება აღნიშნულ პირთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დანაშაულს, რომლის შემდეგაც ერთი სამართალდამცველი მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, მოქალაქე ლ.ტ. საგამოძიებო უწყებების თანამშრომლებმა მოწმისა და დაზარალებულის პროგრამაში ჩართეს, თუმცა მან რამდენიმე დღეში პროგრამა ნებაყოფლობით დატოვა და უარი განაცხადა პროგრამით სარგებლობაზე.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, სიუჟეტში ნაჩვენები იქნა გადაუმოწმებელი და ინსცენირებული კადრები, რაც მიზნად ისახავდა პოლიციის დისკრედიტაციას და ფაქტების გაყალბებით საზოგადოების მოტყუებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები