შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო -ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტები

2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველად დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

გამოძიებით დადგინდა, -1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ რ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება.

ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”. მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

კომენტარები