„შსს-ში საბოტაჟს გახარიას კადრები აწყობენ და გეტყვით, რატომ აწყობს ეს გახარიას…” – ვარლამ ხათრიძე

-„გიორგი გახარია ფარსმან სპარსის მეფესთან დიალოგის დროს ნახსენებ ყვავს მაგონებს…

არავის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გახარია ჩვეულ ფორმაშია და პოპულისტობს, როცა ვახტანგ გომელაურს საგამოძიებო საქმიანობას უწუნებს.

რას ითხოვს ის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან როცა იქ წამყვან პოზიციებზე არა გომელაურის, არამედ სწორედ მისი დანიშნული კადრები სჭარბობენ და სწორედ მისივე მფარველობის გამო არ (ვერ) გაუშვა შს მინისტრმა ისინი პოლიციის რიგებიდან…

თუ არა გახარიას ზემოთ ნახსენები პოპულიზმი, რა პოლიტიკური თუ მორალური მოთხოვნები გაუჩნდა, მაშინ როცა, არც ისე დიდი ხანი გავიდა, რაც შსს მინისტრი იყო. იქ ყოფნის დროს თავად რა გააკეთა, რომელი განხორციელებული პროექტით დაგვამახსოვრა თავი? მით უფრო საგამოძიებო მიმართულებით…

სწორედ გახარიას შს მინისტრობის ჟამს დაიწყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე უპრეცენდენტო აქციების მთელი სერიები და შს სამინისტროზე მოქალაქეთა უკმაყოფილების პიკმა მის მმართველობის დროს მიაღწია…

სწორედ გახარიას დროს ჰქონდა ადგილი საბოტაჟს. ბასიანი, პანკისი და სხვა მრავალი მისგან უმართავი პროცესები ხომ ამის დასტური არის. ამის გამო მოიხადა ბოდიში (ამით აღიარა შეცდომაც), გასცა დაპირებები, რომლებიც მერე არ შეასრულა.

საბოტაჟს შსს-ში მისივე დანიშნული კადრები აწყობდნენ… ახლაც ისინი მოქმედებენ…ოღონდ უკვე ეს გახარიასაც აწყობს. აწყობს რადგან ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამის გამო კი მას შეუძლია ყველას დაუპირისპირდეს.

მახსოვს როცა გომელაური სუსს განაგებდა გახარიას მისდამი “თავმდაბლური დამოკიდებულება” ჰქონდა. ეს “თავმდაბლობა” პოზიციების ზრდასთან ერთად გაუქრა და მომეტებულმა ამბიციებმა თავისი მოიტანა. დღეს უკვე გახარია პარლამენტში ცდილობს მისი “დაზიანებული” კადრების გაყვანას. ეს თუ შეძლო შემდეგ ივანიშვილს თამამად ეტყვის მე მოვიგე არჩევნები და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელები ჩემი კადრებით უნდა ჩავანაცვლოვო.

მას ხომ შსს და სუსის კონტროლი სურს, რასაც დღეს სრულად ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა იქ მისი კადრები მეორე პირებად ყავს განმწესებული. არადა სწორედ ამ კადრების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის მხილების გამო (რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კონკრეტულ თანამდებობებს იკავებდნენ) არაერთხელ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში და თავი იმით გადაირჩინა, რომ გაექცა სამართლიანად დასმულ შეკითხვებს.

გაქცევით პრობლემები არ სრულდება. უკმაყოფილება კი დღითი დღე იზრდება არა მარტო საზოგადოებაში არამედ სამთავრობო “გუნდში”. ყველაზე მეტად სწორედ იქ ელოდებიან მის დაცემას…“ – წერს იურისტი, გენ.ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში და ვიდეოს ავრცელებს.

ვარლამ ხათრიძე

კომენტარები