„შტურმის ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ ბ-ნი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც საქართველოს სასამართლომ ასევე ოფიციალურად მიიჩნია სისხლის სამართლის დამნაშავედ“ -ნაირა გელაშვილის წერილი

„კავკასიური სახელის” ხელმძღვანელის ნაირა გელაშვილის მიერ ევროპარლამენტარ ფონ კრამონ-ტაუბადელისთვის მიწერილ წერილში სხვადასხვა საკითხია მიმოხილული. ერთ-ერთი ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ეხება.

ამონარიდი ვრცელი წერილიდან:

-„შტურმის ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ ბ-ნი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც საქართველოს სასამართლომ ასევე ოფიციალურად მიიჩნია სისხლის სამართლის დამნაშავედ.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ბ-ნმა ოქრუაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავი გამოიჩინა, როგორც ყველაზე უფრო აგრესიულმა და სახიფათო მილიტარისტმა პოლიტიკოსმა: 2004 წელს მის მიერ დაგეგმილი გაუაზრებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი შეიარაღებული ფორმირებების ხელით ათობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, ჯარისკაცი და პოლიციალი დაიღუპა. დაიღუპნენ, ცხადია, მოწინააღმდეგე მხრიდანაც. 2006 წელს თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში იმუქრებოდა, რომ ახალ წელს თავის თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში შეხვდებოდა. ოფიციალურ უწყებებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ავანტიურისტი პოლიტიკოსი დღეს თქვენი წყალობით უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით ცდილობს დივიდენდების დაგროვებას.

ჩვენ შესანიშნავად, თქვენზე და თქვენს კოლეგებზე ბევრად უკეთ გვესმის, რომ ქართულ დემოკრატიასა თუ მართლმსაჯულებას უამრავი მძიმე პრობლემა აქვს და არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. გულწრფელად ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას, რომლის მიზანიც ახალი ინსტიტუტების მშენებლობა და სისტემური ცვლილებების განხორციელებაა. მაგრამ საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ ხშირად რიგი ევროპელი პოლიტიკოსები დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ ნეოკოლონიალიზმის ყველაზე ფარული და დახვეწილი ფორმების საქართველოში დანერგვის მცდელობებს, ქართველი ხალხის დახმარების ნაცვლად კი მაშველ რგოლს აწვდიან კორუმპირებულ, მილიტარისტ, დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა სხვა მანკიერებასთან ერთად კიდევ იმით ხასიათდებიან, რომ ბუნების მიმართ სრულიად პარაზიტულ-მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ და მთელ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს განადგურებით ემუქრებიან“.

კომენტარები