„ჩემი მეგობარი გმირია!“ – „მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და პაციენტებს ვერ ტოვებდა“ – 28 წლის ექიმი საჩხერედან

-„ექიმები, ის ადამიანები არიან, რომლებიც პაციენტების ჯანმრთელობის და მათი გადარჩენის სადარაჯოზე დგანან. მინდა აღვნიშნო, მათი შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი იმ გლობალური გამოწვევის წინაშე, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიჩინეს. უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ისინი სიცოცხლის გადასარჩენად უკიდეგანოდ და დაუღალავად იბრძოდნენ. რამდენი უძილო ღამე გაუტარებიათ. საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დაუყენებიათ. მათაც ყავთ ოჯახი და შვილები.
ამჯერად, მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო საჩხერის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალის, ჩემი მკურნალი ექიმების, გიორგი ჩაფიჩაძის და თაზო თოდაძის მიმართ. ამ დიდებულ ექიმებს გვერდით პროფესიონალი ექთნები და მომსახურე მედპერსონალი ედგა. სწორედ, მათი დაუღალავი შრომის შედეგად, ბევრმა ადამიანმა ეს მძიმე დაავადება დაამარცხა. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მათი ყურადღებით, კეთილსინდისიერებით, ჰუმანურობით, იმედის მომცემი სიტყვებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისათვის და წარმატებები გისურვოთ თქვენს მეტად რთულ და პასუხისმგებლიან საქმიანობაში“, – წერს ერთ-ერთი პაციენტი, კახა სვანაძე.
„ასეთი ვითარებაა, საჩხერის სამედიცინო ცენტრში. უამრავი კმაყოფილი ადამიანი და გამოჯანმრთელებული პაციენტი.
ჩემი მეგობარი გმირია! – წერს თაზო სხირტლაძე. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში, გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდ პაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო წარწერით, ”გმირი” ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობაზე და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი  აქვე, ჩვენს რაიონში, კოვიდ 19-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული.
გადავწყვიტე თაზო ექიმზე გიამბოთ. ჩემი და თაზოს ურთიერთობა მეგობრობას, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობასაც მოიცავს. ის კარგი მეგობარი და უფრო კარგი ექიმია. მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და თსსუ -ს რეზიდენტი, სულ რაღაც 28 წლისაა. თაზო თოდაძე მესამე წელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში ემერჯენსის ექიმად მუშაობს. იმ დროს, როდესაც მასზე გამოცდილ ექიმებსაც, სრულიად უცხო ვირუსის წინაშე, ერთგვარი შიში ჰქონდათ, კოვიდ დადასტურებულ პაციენტებთან მუშაობის შეთავაზებას ყოყმანის გარეშე დათანხმდა. კოვიდ ინტენსიურის განყოფილებაში ექიმად დღემდე მუშაობს.
რაც დრო გადის, გამოცდილებასთან ერთად, მისი პაციენტების რიცხვიც მატულობს. მე მეგობარი ვარ და ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმის შესახებ ვიცი. ვიცი თითოეული პაციენტის მდგომარეობას, როგორ განიცდის. ვხედავ, რადიკალურად როგორ შეიცვალა მისი ცხოვრების წესი.
მუდმივად გამოუძინებელია, ბევრჯერ მშიერი, ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. საკუთარი ცხოვრებისთვის, არც დასვენებისთვის, დრო არ რჩება. ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე: ახლა მაინც ხომ დაისვენებთქო. ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდიმფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო. აი ასეთი ექიმია თაზო. ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ერთი წლის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და მოტორბოლა უხაროდა. წელს ყველაზე მეტად რა გიხარიათქო რომ ვკითხე, პაციენტს შემოსვლიდან მეორე დღეს, დადებითი დინამიკა რომ აღენიშნებაო მიპასუხა.
არ სიამოვნებს შექება. ალბათ ამ სტატიაზეც გამინაწყენდება. რომ ვეუბნები გმირი ხართქო უარობს, ეს ჩემი არჩევანი და მოვალეობააო. კი ბატონო , პროფესიონალიზმი არ არის მხოლოდ საკმარისი. ვიცი, რომ პანდემიის პირბებში ექიმები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გვემსახურებიან.
მხოლოდ კოვიდ პაციენტები არ ჰყავს თაზოს. სტაციონარის გარეთაც მრავლად ვართ შეშინებული მეგობრები, მეგობრის მეგობრები, ახლობლები. მიკვირს როგორ ახერხებს ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს.
დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! მალე იუბილარია და მინდა აქედან მივულოცო. თაზო ვამაყობთ შენით! აუცილებლად კარგად გეყოლება პაციენტები, წახვალ ტოკიოში, დაისვენებ და იყიდი შენი ოცნების ”ბაიკს”.
კომენტარები