„ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა – ბოდიშს არასდროს მოვიხდი, რადგან მაშინ და დღესაც“ – გიორგი ჭიაბრიშვილი მატჩის შემდეგ

-„ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. გასული ევროტურნირები იყო უდიდესი მარცხი, უდიდესი მადლობა ბიჭებს, საშუალება რომ მომეცა, რეაბილიტაცია მომეხდინა. ბოდიშს არასდროს მოვიხდი, რადგან მაშინ და დღესაც მთელი გული და სული ჩავდეთ, დღეს ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
მაშინ ხალხისგან დიდი კრიტიკა წამოვიდა, მთავარი არის ის, რომ ამის რეაბილიტაცია არა სიტყვებით, არამედ საქმით გამომივიდა.

ნელ-ნელა მოვა ეს ემოციები. რაღაცა ნაკადმა შემიყვანა, ამაგდო სადღაც, უბრალოდ, სიამაყის გრძნობაა, რომ თქვენ, ხალხი, გაგვახაროთ. მადლობა ღმერთს ამისთვის. მთავარი გასაკეთებელი, მაინც ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევან კორღალიძეს, აქ ძალიან მაგარი ბაზა დამხვდა. ამ ეტაპის გასვლას არ მეგონა, არც წინა ეტაპის, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცები ლაგდება, ხარისხიც იმატებს. თავდაჯერებულებიც გავხდით.

ვერც მივხვდით, ხალხი დაშვებული იყო თუ არა, ისეთი გულშემატკივრობა იყო ტრიბუნებიდან. კარგია, ახლა საუბარი მოგებულზე გვიწევს.

ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, ყველანაირი დატვირთვით, ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა. არანაკლებ ძლიერი გუნდი კრაიოვაც გავაგდეთ, თუმცა მოსკოვის დინამო უფრო ძლიერი კლუბია. არარატთან წაგების შემდეგ, მსურდა, მომცემოდა შანსი, რეაბილიტაცია მომეხდინა, ბედნიერი ვარ, ეს შანსი რომ მომეცა.

ბოდიში არასდროს მომიხდია წაგების შემდეგ, რადგან ჩემი გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. ასე იყო ახლაც.

ახლა მივდივართ საფეხბურთო ქვეყანაში და იქ მხოლოდ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მეტოქე უფრო ინერვიულებს, სანერვიულო არაფერი გვაქვს.

“გრანადასთან“ შანსები? საფეხბურთო ქვეყანაში ჩავდივართ, იქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ, ყველანაირი წნეხი მოხსნილია. ისინი უფრო გაოცებულები იქნებიან, რადგან ამოუცნობი გუნდი ჩავდივართ.

21-ში ჩიხურასთან თამაში გვაქვს, არ მიფიქრია მატჩის გადატანის თხოვნაზე. თუ ევროტურნირებზე თამაშის ამბიცია გვაქვს, ქვეყანა ჩვენ არ უნდა მოგვერგოს. შემდეგ დასვენებულზე ჩამოვიდეთ და ვეთამაშოთ? არასამართლიანი იქნება,” – განაცხადა  „ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “დინამო მოსკოვთან” გამარჯვების შემდეგ.

ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლოკომოტივი ესპანურ გრანადას დაუპირისპირდება.

 

კომენტარები