ჩეხეთის მედია – რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას

რუსეთის სპეცსამსახურები საბრძოლო მასალის აფეთქებას ბულგარეთში გეგმავდნენ. ამ ინფორმაციას ჩეხეთის მედია ავრცელებს. 

ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, აფეთქება ჩეხეთის ტერიტორიაზე არ უნდა მომხდარიყო.

2014 წელს ჩეხეთის დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ჩეხეთში ამტკიცებენ, ამუნიცია ბულგარეთში ტრანსპორტირების შემდეგ უნდა აფეთქებულიყო.

გამოძიება ამტკიცებს, საბრძოლო მასალა ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა, რომელიც 2015 წელს მოწამლეს, თუმცა გადარჩა.

გებრევს საბრძოლო მასალა კონფლიქტურ ზონებში შეჰქონდა. აფეთქებული იარაღი უკრაინაში ან სირიაში უნდა შეეტანათ.

ჩეხეთის პოლიციის ინფომაციით, საბრძოლო მასალის აფეთქებასთან დაკავშირებულები არიან რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, ისინი ჩეხეთში მოლდოვისა და ტაჯიკეთის პასპორტებით მოხვდნენ.

მიშკინი და ჩეპიგა ასევე ბრალდებულები არიან ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.

ჩეხეთში ითხოვენ, რუსულ კორპორაცია „როსატომს“ ჩეხეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა აეკრძალოს. მომხდარის შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ უკვე გააძევა ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი, საპასუხოდ რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი  პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

კომენტარები